მხარეები წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს განიხილავენ.
„სამწუხაროდ, მოცემულ პერიოდში საოკუპაციო ძალების სახიფათო ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი. ვგულისხმობ მაგალითად, გუგუტიანთკარში განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციას, რა დროსაც ადგილობრივ, მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა პირდაპირ ეზოში აღუმართეს უკანონო ხელოვნური ბარიერები. ასევე, მწვავედ გავაპროტესტებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ადგილზე დაძაბულობის ხელოვნურად ესკალაციის მცდელობას წარმოადგენს. ეს არის უკიდურესად სახიფათო და პროვოკაციული ქმედება“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
მისივე განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე ოკუპირებულ სოფელ ერედვში, ქართველების სახლების ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობას გააპროტესტებს:
„მთელი სიმძაფრით დადგება სოფელ ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ადგილობრივი ქართული მოსახლეობის სახლების დანგრევისა და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი“.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებებზე, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტზე.