სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს და შესაბამისი ინფორმაციის არქონის პირობებში, აღნიშნულზე ხაზგასმა აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმას.
განცხადებაში საუბარია ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული პრობლემების, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების სიმცირესა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ განწყობებზე.
„მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება დაეთმოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე. ამასთან, მოუწოდებს ყველას, საკითხის განხილვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა მიმართ ტაბუს და სტიგმის გაძლიერება“, - აცხადებს სახალხო დამცველი.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის შემთხვევას.
27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს, რომელიც მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, გამვლელმა გამვლელმა ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა 51 წლის ქალი, რომელსაც მცირეწლოვნის დაჭრა ედება ბრალად. მომხდარის შესახებ ინფორმაციისა და ეჭვმიტანილის ფოტოს გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოითქვა ვარაუდი, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.