ოსური მხარე აცხადებს, რომ მათმა უშიშროებამ ქართული მხარის პროვოკაციული ქმედებების გამო „ჰუმანიტარული ოპერაცია“ დაიწყო. მათივე თქმით, ოპერაცია მშვიდობიანია.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტის აღებას ითხოვს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ულტიმატუმი დააყენეს და ქართულ მხარეს ბლოკპოსტის ასაღებად რამდენიმე საათი განუსაზღვრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში - „სამხრეთ ოსეთი მოსახლეობის დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას და მეთოდს მიმართავდა“. ულტიმატუმის მიუხედავად ქართული პოლიციის პოსტი კვლავ ჩორჩანასთანაა განთავსებული.
30 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ არ გადაიდგმება ნაბიჯები ესკალაციისკენ და მომავალ კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება. მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე, ზნაურის რაიონის ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ. სასაზღვრო პოსტის გახსნის შესახებ განაცხადა.