weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დეზერტირი ხარ? – „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურს მეჭიაური გაწვევის გადავადებაზე უარს ეუბნება

18:51 კვირა, 01 სექტემბერი 2019

თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის „ბიბლიური თავისუფლების“ წევრია, ჯარში გამწვევი კომისია გაწვევის გადავადების უფლებას არ აძლევს. კანონის თანახმად კი, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 30 აგვისტოს „ფეისბუქის ლაივით“ აჩვენა ერთ-ერთ მოქალაქესთან გასაუბრება, რომელიც ჯარში გამწვევი კომისიისგან გაწვევის გადავადებას ითხოვდა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა თიანეთის მერი თამაზ მეჭიაურიც.

მოქალაქეს გასაუბრების დროს არ დაუმალავს, რომ რეალურად მღვდელმსახურებას არ ეწევა და რელიგიურ ორგანიზაციაში გაერთიანების გადაწყვეტილება ჯარში გაწვევის გადავადების გამო მიიღო. კანონის თანახმად, შესაძლებელია მღვდელმსახურს ჯარში გაწვევა გადაუვადდეს.

„დეზერტირი ხარ? თუ ჯარში არ მიდიხარ, თქვენს ნაცვლად გინდათ, რომ სხვამ იმსახუროს, სამშობლო სხვამ უნდა დაიცვას და მოგაქვს საბუთი მარტო იმიტომ, რომ ჯარში არ წახვიდეთ, სხვა რა ხართ მაშინ? ამაში ხელისუფლებაც დამნაშავეა, იმიტომ, რომ საშუალება მისცა დეზერტირებს ამოფარებოდნენ მღვდელმსახურებას და სხვისი შვილების ხარჯზე თვითონ წამოწოლილები ყოფილიყვნენ“

ამ სიტყვებით მიმართავს მეჭიაური გასაუბრებაზე მყოფ მოქალაქეს. მისივე თქმით, ვინც ამგვარი გზით ჯარში გაწვევის თავიდან აცილებას ხელს უწყობს, სამშობლოს მოღალატეა. 

მეჭიაური ვიდეოში ამბობს, რომ არ იცის მისი ქმედება კანონთან შესაბამისობაშია თუ არა, მაგრამ „დეზერტირობას“ ხელს ვერ შეუწყობს.

თიანეთის მერი „რეგინფოსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მომავალი სხდომა 4 სექტემბერსაა დაგეგმილი და ამ სხდომაზე გადაწყვეტენ, გადაუვადდება თუ არა გაწვევა მოქალაქეს:

„ის ამბობს, რომ იძულებული გახდა, ეს გზა მოენახა. თუ კომისიას აქვს იმის საშუალება და უფლება, რომ სხვა არგუმენტით და მისი რეალური პრობლემის გათვალისწინებით გადაუვადდეს, მე ამ კუთხით მივუდგები".

რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ დააფუძნა. „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ გასაუბრებაზე მყოფ მოქალაქეს უფლება აქვს ჯარში არ წავიდეს და ამისთვის პასუხს ვერავინ მოსთხოვს:

„ეს ადამიანი ჯარში წავა თუ არა, არის ამ ადამიანის გადასაწყვეტი, მაგრამ, რომ არ წავიდეს, ვერავინ ვერაფერს ეტყვის. მეჭიაური რას გადაწყვეტს ერთია, მაგრამ აქვს [ამ ადამიანს] არ წასვლის კანონიერი საფუძველი“, - ამბობს ხვიჩია „რეგინფოსთან“ საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, „ბიბლიური თავისუფლების“ დახმარებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისგან 25 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა.

მოქალაქესთან გასაუბრების „ფეისბუქ ლაივით“ ტრანსლირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სწავლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]