weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საოკუპაციო ხაზზე შექმნილ ვითარებაზე ერგნეთში ტექნიკურ შეხვედრაზე მსჯელობენ

15:19 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019
ფოტო: საგენტო „რესი“ ფოტო: საგენტო „რესი“

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც ქართული მხარე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომდგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე შექმნილ ვითარებას განიხილავს.

შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა დე ფაქტო ხელისუფლების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც 1-ელ სექტემბერს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

„იყო უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს, ეს უპილოტო საფრენი აპარატი ცეცხლის გახსნის შედეგად ჩამოვარდა. ეს მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და არ შეესაბამება სიმართლეს. ამ აპარატზე არ აღინიშნება ცეცხლსასროლის იარაღის შედეგად მიყენებული არანაირი დაზიანება. საფრენი აპარატი გადმოსული იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს მიმდებარედ. ამ დრონს წარვუდგენთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, რათა ბოლო მოეღოს უსაფუძვლო ბრალდების გაჟღერებას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მან ასევე, აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან 30 აგვისტოს გამართული ტექნიკური შეხვედრის გაგრძელებაა. 

„ჩვენი მიზანია, მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და შენელდეს დაძაბულობა, რაც შეინიშნება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს. ჩორჩანაში დავაფიქსირეთ და ეხლაც გვინდა, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ: აღნიშნული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო არ შეიძლება იყოს რაიმე საფრთხის შემცველი. პირიქით, საგუშაგოს ამოცანაა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა. ჩვენ გვსურს, ვისაუბროთ იმ ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს დაძაბულობის გრადუსის დაწევას და უპირველეს ყოვლისა, საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარე სოფლებში. ეს პოსტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მისი მოშლის საკითხი არ განიხილება“, - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.

1-ელ სექტემბერს ცხინვალის უშიშროების დე ფაქტო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ კუთვნილ უპოლოტო საფრენ აპარატს ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს და ჩამოაგდეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნული აპარატი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამოქალაქო პირის დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე აპარატი ჩამოვარდა.

30 აგვისტოს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარება განიხილეს. მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე, ზნაურის რაიონის ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ. სასაზღვრო პოსტის გახსნის შესახებ განაცხადა. საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტის აღებას ითხოვს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]