weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ივანიშვილმა გახარია პრემიერობის კანდიდატად აქცია „სირცხვილიას“ ფონზე წარადგინა

10:40 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019
ფოტო: „რადიო თავისუფლება“ ფოტო: „რადიო თავისუფლება“

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია აქცია „სირცხვილიას“ ფონზე დაასახელა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები დღეს დილიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ და გახარიას კანდიდატურის დაყენება გააპროტესტეს.

„78 დღეა ჩვენ და ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს გიორგი გახარიას გადაყენებას, ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიას წარდგენა, რომ თურმე ის იმდენად კარგი მინისტრი იყო, გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრად დაენიშნა, ყველა იმ ადამიანის დაცინვაა, ვინც ერთხელ მაინც გამოვიდა, ყველა იმ ადამიანის, რომელიც 20 ივნისს გამოვიდა გარეთ და ოკუპაცია გააპროტესტა და ყველა იმ ადამიანის, რომელიც ვგმობთ ძალადობას და იმას რაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა“,- ამბობს მარიამ გეგუჩაძე აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი.

„სირცხვილიას“ ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტს აუცილებლად განაგრძობენ. მათთვის გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება, იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება საზოგადოებას უპირისპირდება: 

„76 დღეს გიორგი გახარიას გადადგომას და პოლიტიკური ველიდან მის გაქრობას ვითხოვთ, ეს ყველაფერი პირდაპირი სიგნალია ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ხელისუფლება მოდის ღია კონფრონტაციაზე საზოგადოებასთან. ხელისუფლებას უბრალოდ არ აინტერესებს რა ხდება მის ქვეყანაში, 76 დღეა მთავარი გამზირია გადაკეტილი. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გრძელდება ორთვენახევარია და იმის მაგივრად რომ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ხელისუფლებისგან, ისინი ირჩევენ გზას, რომ პირდაპირ სილა გააწნან ქართულ საზოგადოებას“,- ამბობს გიგა შაქარაშვილი აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი.

აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას 20 ივნისის ღამის შემდეგ ითხოვენ. ამ დღეს პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში ჩამოვიდა. მან ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია, რასაც მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]