სოფელ წყორძაში გზის რეაბილიტაციას შპს „ასტორია“ ახორციელებს. ტაძრის გარშემო ასფალტის დაგება ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა. თუმცა, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი მალხაზ მანველიშვილი ამბობს, მათ კეთილი ნება გამოიჩინეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაც მოაწესრიგეს.
„ეკლესიის ეზოში ტალახი იყო და გადავწყვიტეთ, რომ ეს ნაწილიც მოგვეასფალტებინა. ტალახი და ნაგავი გავიტანეთ, ამოსული ბალახი ამოვძირკვეთ და გავალამაზეთ ეზო. იქ ხალხი რომ მიდის, ტალახში უნდა ჩადგეს? თუ დავაშავეთ, ავიღებთ ამ ასფალტს და გადავყრით“, - უთხრა მალხაზ მანველიშვილმა „რეგინფოს“.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უშუალოდ ძეგლთან სამუშაობის განხორციელების თაობაზე მათ ნებართვა არ გაუციათ. სააგენტოში განმარტავენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და კომპანია „ასტორიას“ მომავალ კვირაში ოფიციალური წერილით მიმართავენ და ასფალტის საფარის დემონტაჟს მოსთხოვენ.
სოფელ წყორძაში გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 261 000 ლარით ფინანსდება. წყორძის ეკლესიასთან მიმდინარე სამუშაოებს გუშინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძეც გაეცნო.