ცხოველთა თავშესაფარი აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.
თავშესაფარი ქალაქ გურჯაანში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ყოფილი აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. წინადადებების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება.
როგორც პროექტის მენეჯერმა კოკა კანდელაკმა „რეგინფოს“ უთხრა, გურჯაანში თავშესაფრის მშენებლობა დაწყებიდან 10-11 თვეში, 2020 წელს დასრულდება.
მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას კახეთში, სადაც დიდია დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი. ასევე, ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ინფორმაციით, თითოეულ მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად ძაღლები 300-მდე ადამიანს კბენენ, აქედან ნახევარზე მეტი ბავშვია.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობა დაგეგმილია ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორსა და რუსთავშიც.