weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გორის მაჟორიტარის კომპანიებმა ტენდერებიდან 91.8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს - TI

17:37 ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019

„ქართული ოცნებიდან“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იოსებ მაკრახიძის დასახელების შემდეგ, მაკრახიძის და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 91.8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, გორისა და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო შესყიდვებში მაჟორიტარი დეპუტატის და მასთან დაკავშირებული კომპანიები ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ.

ტენდერებიდან უშუალოდ მაკრახიძის კომპანიების შემოსავლები დაახლოებით 1.7-ჯერ (75 მილიონ ლარამდე) გაიზარდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იოსებ მაკრახიძე და მისი ოჯახის წევრები (შვილები და მეუღლე) წილებს 10 კომპანიაში ფლობენ. TI-ის კვლევის თანახმად მათ 69 ტენდერში გაიმარჯვეს, აქედან 41-ში უკონკურენტოდ. სულ კომპანიებმა 91 827 289 ლარი მიიღეს, მათ შორის 45 მილიონზე მეტი უკონკურენტო ტენდერების პირობებში.

მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიებია: საგზაო-სამშენებლო კომპანია „იბოლია“ , რომელმაც მაკრახიძის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების შემდეგ გორის, ქარელის, კასპის მუნიციპალიტეტების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების 24 ტენდერი მოიგო, 18 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში კი 74 974 449 ლარი მიიღო. კომპანიამ „შარა“ 26 სახელმწიფო შესყიდვიდან 16 მილიონ ლარამდე მიიღო.

კომპანია „არქმშენსტუდია 2002“ გზების დაგება-რეაბილიტაციაზე მუშაობს. მისი მფლობელი დეპუტატის ძმა ალექსანდრე მაკრახიძეა. იოსებ მაკრახიძის დეპუტატად არჩევის შემდეგ მისი ძმა გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ბოლო 4 წელიწადში აღნიშნულმა კომპანიამ გორის მუნიციპალიტეტში 882 505 ლარის ღირებულების 19 ტენდერში გაიმარჯვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს შეისწავლოს იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ კომპანიებთან გორის მუნიციპალიტეტისა და სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები. ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსაც, შეისწავლოს იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში შესაძლო კორუფციული გარიგებების გამოსავლენად.

იოსებ მაკრახიძე და მისი ოჯახის წევრები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველები არიან - მმართველ პარტიას მათ 2016-2018 წლებში ოფიციალურად 120 000 ლარი შესწირეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]