weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რა ცვლილებები შედის კანონში, რომელიც სასკოლო ექსკურსიების რეგულაციებს ამკაცრებს

22:01 ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019
მამუკა ჭიკაძის ფოტო, 2018 წ. გომბორის გზაზე მომხდარი ავარია მამუკა ჭიკაძის ფოტო, 2018 წ. გომბორის გზაზე მომხდარი ავარია

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც საბავშვო ბაღებისა და სკოლების ღონისძიებების დროს მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის საკითხებს არეგულირებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განმარტებით, ექსკურსიებთან მიმართებაში გახშირებულმა ავტოსაგზაო შემთხვევებმა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საზოგადოება დააფიქრა იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ექსკურსიებზე ბავშვების გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით:

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებულია იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით;

მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას;

იმ შემთხვევაში, თუ სკოლამდელი აღზრდის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. ამასთან, როგორც ძირითად ისე სათადარიგო მძღოლს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე.

მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

ამასთან, კანონპროექტის გარდამავალი დებულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით მთავრობას ევალება 2019 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის შემუშავება და დამტკიცება.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, სკოლამდელი აღზრდის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, რომლის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, განსაზღვრული იქნება ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]