კულტული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, F თხრილში გამოვლენილი ნაგებობა, მორების ან ძელების ურთიერთჭდობაზეა დაფუძნებული და მისი სტრუქტურა არ საჭიროებს ლურსმნებს. ნაგებობის ასაშენებლად შექმნილია სუბსტრუქცია, რომელიც თხრილში ტერასებად არის წარმოდგენილი.
F თხრილზე აღმოჩენილი ელინისტური ხანის ნაგებობების შიდა და გარე ფართობზე შესწავლილ კულტურულ ფენებში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ძირითადად სამზარეულო და სამეურნეო კერამიკულ ჭურჭელს აერთიანებს, რაც ნიშნავს, რომ გამოვლენილი ნაგებობები საცხოვრებელ სახლებს წარმოადგენდნენ.
G თხრილში გამოვლენილი თიხის იატაკის მიმდებარედ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით სუფრის ჭურჭლის ნამტვრევები, რომლებიც ძირითადად ადრეშუასაუკუნეებს განეკუთვნება. თხრილში აღმოჩენილი სხვა ნივთებიც-სპილენძის შენადნობის საკინძი, რკინის ცული, სამკაულის დეტალი და ბალთა. სააგენტოს ცნობით, კულტურული ფენებიდან ამოსული არქეოლოგიური მასალა ადრებიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება.
არქეოლოგიური სამუშაოები 2019 წლის 1 ივლისიდან 27 ივლისამდე ნოქალაქევის ნაქალაქარის ქვედა ტერასის აღმოსავლეთ ნაწილში ბრიტანული მეთოდოლოგიით მიმდინარეობდა. სააგენტოს ცნობით, ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ბრიტანელი სპეციალისტები. ასევე, სტუდენტები და მოხალისეები.
ნოქალაქევის არქეოლოგიური ექსპედიცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მუშაობდა. მას არქეოლოგიის დოქტორი ნიკოლოზ მურღულია ხელმძღვანელობდა.