კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.
არხი მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს.
„მთავარი არხი“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2019 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა. კომპანიის 51 % წილის მფლობელი „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა. 49 %-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, რომელიც შპს „ინტერ მედია პლიუსის“ 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.
„მთავარი არხი“ მაუწყებლობას ტელეკომპანია „იბერიის“ შენობიდან და მისივე ტექნიკით იწყებს. კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტებითა და თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, რომლებმაც არხი საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ დატოვეს.