weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა

14:54 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება. პროკურატურა მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასაც ედავება.

ნიკა გვარამიასთან ერთად პროკურატურა ბრალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორს, კახაბერ დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს წაუყენებს.

გენერალური პროკურატურის თანახმად, „რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ „ინტერ მედია პლიუსთან“ ხელშეკრულება გააფორმა და საკუთარ არხებზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლება დაუთმო. ამასთან, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, „ინტერ მედია პლიუსის“ ფინანსების გაკონტროლების მიზნით, კომპანიის 30%-იანი წილი გვარამიამ თავისი უახლოესი მეგობრის, კახაბერ ანჯაფარიძის სახელზე გადააფორმებინა.

გვარამია 2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით „ინტერ მედია პლიუსისგან“ ტელეკომპანიის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 90-95%-ს ითხოვდა.

პროკურატურის თანახმად, მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილების დასაბრუნებლად სასამართლოში დავა დაიწყო და ტელეკომპანიის პარტნიორთა წილები, ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაყადაღდა, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ, „რუსთავი 2“-ის ქონებრივი უფლება მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს.

პროკურატურა აცხადებს, რომ გვარამია შეუთანხმდა „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს და ყოველთვიურად „რუსთავი 2“-ის არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხას თხოვდა.

„საერთო ჯამში, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ, 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხებთან შედარებით (სულ 43 230 509 ლარი), შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, 2015 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვეს მხოლოდ 36 467 000 ლარის ანაზღაურება, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება“, - აცხადებს პროკურატურა.

მათივე ცნობით, „რუსთავი 2“-ის კუთვნილი 6 763 509 ლარის ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის დახმარებით სარგებელი უძრავი ქონებების სახით მიიღო, კერძოდ, თბილისში მდებარე ორი ბინა.

პროკურატურის თანახმად, „ინტერ მედია პლიუსისგან“ მისაღები სარგებლის შესანიღბად ნიკა გვარამიამ თავად შეარჩია ორი საცხოვრებელი ბინა და „ინტერ მედია პლიუსის“ სახელით გააფორმა ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ბინები „ინტერ მედია პლიუსის“ საკუთრებაში გადავიდა, შემდეგ კი, ნიკა გვარამიამ „ინტერ მედია პლიუსთან“ ფიქტიური სესხის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც, თითქოსდა ნიკა გვარამიამ კომპანიას ორ ეტაპად ასესხა 510 000 ლარი, რასაც პროკურატურის ცნობით, სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

პროკურატურა აცხადებს, რომ მოგვიანებით, ზურაბ იაშვილმა ნიკა გვარამიას საკუთრებაში გადასცა ბინები და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხსენებული ობიექტების ღირებულება სრულად გაიქვითებოდა მათ შორის არსებული ფიქტიური სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. პროკურატურა აცხადებს, რომ ამგვარად ნიკა გვარამია უკანონოდ დაეუფლა დიდი ოდენობით უძრავ ქონებებს.

საგამოძიებო უწყების თანახმად, გვარამიამ განიზრახა დანაშაულებრივად მიღებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა და ორივე საცხოვრებელი ბინა 602 521.8 ლარად გაყიდა.

ნიკა გვარამია, კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი გენერალურ პროკურატურაში დღეს, 6 სექტემბერს დაიბარეს.


საგამოძიებო უწყება ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-სთვის დამაზანებელი ხელშეკრულების გაფორმებას ედავებოდა, რის შედეგადაც ტელეკომპანიამ 6 763 510 ლარით იზარალა. 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, ნიკა გვარამიას შეეზღუდა ქვეყნიდან გასვლის უფლება.

გვარამია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. ბრალის წარდგენის მომენტიდან, ის ამბობდა, რომ გირაოს სახით დაკისრებულ თანხას არ გადაიხდიდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]