„ეს იყო ზუსტად დაფიქსურებული როგორც შეფასება და მე როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს“, - განაცხადა გახარიამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მაკო გომურმა 20 ივნისის აქციის დარბევის დროს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას მისი შეკითხვა დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ წაუკითხა.
„რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია - თავისუფალი? თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს.და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს მართოს მთელი სისტემა. და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა“.
გახარიას განცხადებით, ელენე ხოშტარიას მიერ წაკითხული ტექსტი შეფასება იყო და არა კითხვა.
„მადლობა, მადლობა შეფასებისთვის“, – თქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.