weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ლაფანყურში „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

14:31 შაბათი, 07 სექტემბერი 2019
ფოტო © imedinews.ge ფოტო © imedinews.ge

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მდინარე ლოპოტაზე 5.9 მგვტ სიმძლავრის ჰესის ასაშენებლად კომპანიის წარმომადგენლები ტყეში ხეების მოჭრას იწყებენ.

როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ უთხრეს, სოფელში ხალხი გუშინ, მას შემდეგ შეიკრიბა, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ იმ ადგილზე, სადაც ჰესის აშენებაა დაგეგმილი, ტყის გასაკაფად ტექნიკის შეყვანა იგეგმებოდა. მათივე თქმით, სოფელში დიდი ოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. 

„როდესაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მანქანა შევიდა „დრუჟბებით“ და უცხო ხალხით, საგუშაგოზე გამოვედით, დავიწყეთ ყარაულობა. მანამდე, სოფლის ბოლოში უკვე პოლიციის „პიკაპები“ იდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ აგრესიისთვის არასოდეს მიგვიმართავს, სოფელი პოლიციით და სუს-ით გაავსეს. დილის 6 საათამდე, ვიდრე ამინდი გაუარესდებოდა, გარეთ ვიყავით. ბოლოს შეგვხვდა თელავის პოლიციის უფროსი და გვითხრა, რომ უახლოეს დღეებში აქ არაფერი მოხდება. ამ პირობით დავიშალეთ, თუმცა მთელი სოფელი ყურადღებითაა“, – ამბობს ქეთევან ხორნაული.

„ლოპოტა 1“ ჰესის აშენებას სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში, შპს „ართანა ლოპოტა“ აპირებს. ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მილებში მოექცევა, რაც ლოპოტის ხეობის გაუდაბნოებას გამოიწვევს. ადგილობრივების ინფორმაციით, ჰესის მშენებლობისთვის ნეკერჩხალსა და ლაფანს გაკაფავენ.

„გვითხრეს, რომ წყლის 30%-ს გამოუშვებენ. ეს დაუშვებელია. გარდა იმისა, რომ მდინარის გვირაბში მოქცევის შემდეგ, სასმელი და სარწყავი წლის რესურსი აღარ გვექნება, სოფელი ჟანგბადის გარეშეც დარჩება. იქ სადაც ჰესის აშენებას აპირებენ, ულამაზესი ადგილებია. სახნავ-სათესი მიწები ჩვენ არ გვაქვს. ერთადერთი, რაც გვაქვს, ეს ხეობაა. ამ მძიმე პირობების მიუხედავად, 15 ახალგზარდა ოჯახი დაბრუნდა ხეობაში. ჰესი თუ აშენდება, აქ ხალხი ვეღარ გაჩერდება. ჩვენ წინსვლის და განვითარების წინააღმდეგი არ ვართ. სხვა პროექტი მოიტანონ. ტურისტულად შეიძლება სოფლის განვითარება. ჩვენი პროტესტი პოლიტიკური არ არის. ამ მთავრობას მივეცით ხმა და მათგან ვითხოვთ თანადგომას“, – უთხრა „რეგინფოს“ ქეთევან ხორნაულმა.

ადგილობრივები თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან შეხვედრას ელოდებიან. როგორც ისინი აცხადებენ, ჰესის აშენებას არ დაუშვებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლოპოტა 1 ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ბრძანება 2018 წლის 6 ივლისს გამოსცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აშენების შემთხვევაში ჰესის დადგმული სიმძლავრე 5.9 მგვტ. ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება - 33 418 513 კვტსთ/წელ. იქნება.

პროექტის მიხედვით, „ლოპოტა 1“ ჰესის სათავე ნაგებობა შედგება 2 წყალმიმღებისგან, რომელთაგან ერთი მდებარეობს მდინარე ლოპოტაზე, ზღვის დონიდან 806 მეტრზე, ხოლო მეორე მის უსახელო შენაკადზე, ზღვის დონიდან 796 მეტრზე. სათავე ნაგებობიდან მის შენაკადზე მოწყობილ დამბაში ლოპოტას წყლის გადაგდებისათვის მოეწყობა 235 მეტრი სიგრძის გვირაბი, რომლის ზომები იქნება 1.75 მ x 2.6 მ. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა მოხდება 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზით, რომელიც თელავის 110 კვ ძაბვის ქვესადგურში იქნება ჩართული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]