„ეს ცალსახად არასწორი შეფასებაა, რეალობა არის ის, რომ ჩვენი გუნდი გიორგი გახარიასთან ერთად 2012 წლიდან, აღწევს რეალურ შედეგებს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში. აღწევს რეალურ შედეგებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ეს არის, რაც მიუთითებს ჩვენს პროქართულ და პროდასავლურ კურსზე. ეს არის რაც მიუთითებს გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის რეალურ მიზნებზე. შეფასებები თუ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ, უნდა გავაკეთოთ იმ საქმეებზე დაყრდნობით, რაც ჩვენმა გუნდმა 2012 წლიდან დღემდე შეასრულა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „დოიჩე ველეს“ სტატიაზე კომენტირებისას.
გერმანულენოვანმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველე“ ონლაინ პლათფორმაზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ დაუჭირა მხარი. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ოპოზიცია გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცს“ უწოდებს. სტატიაში მოკლედ არის მიმოხილული საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის 20 ივნისის ღამე, როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები ძალადობრივად დაშალეს.