weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ქვები და კვერცხები ესროლეს

22:07 კვირა, 23 ივლისი 2017
ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ქვები და კვერცხები ესროლეს ფოტო © "ნეტგაზეთი"

დღეს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პარტია "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა "არა რუსულ ფაშიზმს" გაიმართა. მსვლელობის მონაწილეებს "ქართველთა მარშის" წარმომადგენლებმა ბოთლები, ქვები, კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. სავარაუდოდ ქვა მოხვდა თავში მსვლელობის მონაწილე ერთ-ერთ ქალბატონს.

"ქართველთა მარშის" წევრების მხრიდან ისმოდა გინება და შეურაცხმყოფელი შეძახილები. მათ აქციის შეწყვეტა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პოლიციის კორდონის გარღვევა ვერ მოახერხეს. ისინი ამბობდნენ, რომ ბოთლი საპირისპირო მხრიდანაც ისროლეს.

მსვლელობა "არა რუსულ ფაშიზმს" 20:00 საათზე დაიწყო. მას "რესპუბლიკური პარტიის" და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

"კაცთმოძულეობას, უზნეობას და უზრდელობას ქვეყანას ვერ დავუთმობთ. ეს არის რუსული გეგმის შემადგენელი ნაწილი, რომ გამოვჩნდეთ არაცივილიზებულ, უკულტურო და აგრესიულ ხალხად, რათა ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი გავხდეთ და საბოლოოდ კვლავ რუსეთის კლანჭებში აღმოვჩნდეთ", - განაცხადა "თავსუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე "ქართველთა მარშის" ხელმძღვანელები კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდნენ, რის შემდეგაც საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და "ევროპულ საქართველოს" და "ქართველთა მარშს" მოუწოდა თავი შეეკავებინათ აქციიებისგან, რადგან საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირების საშიშროება იყო.

"ქართელთა მარშის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ პატრიარქის თხოვნას ემორჩილებოდა და აქციაზე არ მივიდოდა, თუმცა მარჯანიშვილის გამზირზე მაინც გამოჩნდა და შეკრებილებს პატრიარქის თხოვნა გააცნო.

პარტია "ევროპულმა საქართველომ" დღევანდელი აქციის ჩატარების გადაწყვეტილება 17 ივლისს მიიღო. მას წინ უძღოდა მარჯანიშვილის გამზირზე გამართული "ქართველთა მარში" და მისი ორგანიზატორების მიერ თათია დოლიძეს მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი და ჯგუფური გაუპატიურების მუქარის შემცველი კომენტარები. "ევროპული საქართველოს" წევრისა და თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, რუსეთის მიერ მართული პროპაგანდა საგანგაშო მასშტაბებს აღწევს და საზოგადოებას ქართველობის არასწორ გაგებას ახვევს თავს. მისივე თქმით, აქციის "არა რუსულ ფაშიზმს" მიზანი "ქართველთა მარშის" მონაწილეთა ძალადობისა და ქსენოფობიური განცხადებების დაგმობა იყო.

"ქართველთა მარშის" წარმომადგენლებმა 20 ივლისს განაცხადეს, რომ "ევროპული საქართველოს" კონტრაქციას გამართავდენენ. სანდრო ბრეგაძე ამბობდა, რომ "ნაცჯალათებს აღმაშენებლის გამზირზე არ გაატარებდნენ".

"ქართველთა მარში" აღმაშენებლის გამზირზე 14 ივლისს გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ საქართველოში მყოფი უცხოელების მიერ ქართველებზე ძალადობა და კულტურული ძეგლების შეურაცხყოფა, ასევე უცხოელების მასობრივი ჩასახლება გააპროტესტეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]