საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისთვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.
პრემია გაიცემა ყოველწლიურად და მას შეიძლება ჰყავდეს ერთი, ან ორი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო - თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.
საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9-კაციან შემადგენლობას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად გაბისონია უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ეროვნული პრემიის ლაურეატები: ირინე აბულაძე, ავთანდილ კასრაძე, გიორგი კვესიტაძე, გიორგი შარვაშიძე, არჩილ ფრანგიშვილი, თენგიზ ცერცვაძე, დიანა ძიძიგური და თამარ ჯობავა.
კომისიის მიერ შერჩეული ლაურეატობის კანდიდატები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება.