weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დადასტურდა რომ ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა

23:12 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019

ბიომოლეკულარული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია.

კერძოდ, საუბარია ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრულ ჯაჭვზე. ეროვნული მუზეუმის განცხადებით, ეს არის ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ, რომელმაც მილიონი წლით დააძველა აქამდე ცნობილი ინფორმაცია, რომელიც კუნძულ იუკონზე (ჩრდილო-დასავლეთ კანადა) აღმოჩენილი 700.000 წლის წინანდელი ცხენიდან იყო მიღებული.

დმანისში აღმოჩენილი უძველესი მარტორქის ბიომოლეკულარულ კვლევების შესახებ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალმა „Nature“ სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „დმანისში აღმოჩენილი ადრეპლეისტოცენური პერიოდის მარტორქის (Stephanorhinus) კბილის მინანქრიდან მიღებულმა პროტეონმა ახსნა უძველესი ფიოლოგენეზისი“.

მეცნიერთა თქმით, ესაა გარღვევა უძველეს ბიომოლეკულარულ კვლევებში, რაც საშუალებას აძლევს მეცნიერებს აღადგინონ ბევრად ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათი ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი, ასევე გამოიკვლიონ ცხოველების და ადამიანის წინაპრის ისტორია.

ბიომოლეკულარული პროექტი შეიქმნა კოპენჰაგენის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის და პროფესორ ესკე ვირსლევის ხელმძღვანელობით. ანალიზები ჩატარებულია კოპენჰაგენის, კემბრიჯის, მაქს პლანკის ინსტიტუტების ლაბორატორიებში. პალეონტოლოგიურ კვლევებში აქტიურად მონაწილეობდნენ იტალიელი მეცნიერები ფლორენციის უნივერსიტეტიდან. ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები ევროპისა და აშშ-ს წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან.

„დმანისის, როგორც პრეისტორიული ძეგლის აღმოჩენის ისტორია 1983 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა აბესალომ ვეკუამ, შუა საუკუნეების სამეურნეო ორმოში აღმოჩენილი მარტორქის კბილი განსაზღვრა. სიმბოლურია, რომ პირველი გენეტიკური ინფორმაციაც სწორედ მარტორქიდანაა მიღებული“, - აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.

დმანისის პროექტის მხარდამჭერები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]