მისივე თქმით, ახალი პოლიტკური პარტიის ამოცანა ქვეყანაში არსებული უიმედობის დამარცხება იქნება. ჯაფარიძის განმარტებით, ეს იმაშიც გამოიხატება, რომ არჩევნებზე მივიდეს ის ამომრჩეველი, რომელიც უიმედობის გამო ხმის მიცემის პროცესში არ მონაწილეობს.
მამუკა ხაზარაძემ დღეს, 12 სექტემბერს ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა. ანაკლიაში შეკრებილებს ხაზარაძემ უთხრა, რომ მოძრაობაში ჰორიზონტალური მმართველობა იქნება და ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებზე არ იქნება დამოკიდებული მისი განვითარება.
„ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის გადასარჩენია“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაძარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გენერალურმა პროკურატურამ მასთან და ბადრი ჯაფარიძესთან სამართლებრივი დავა დაიწყო. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს 16 მილიონი ლარის ლეგალიზებას ედავება. სადავო ტრანზაქცია 11 წლის წინ განხორციელდა. თავად ხაძარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას „ანაკლიის პორტის“ მშენებლობას უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ ეს პორტის პროექტის შესაჩერებლად კეთდება. „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია.
საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციისას მამუკა ხაზარაძემ ბევრი სიმბოლური დატვირთვის კომპონენტი გამოიყენა. საზოგადოებრივი მოძრაობის წარდგენის ადგილად ანაკლია შეარჩია, სახელწოდებად კი ლელო. „თიბისი ბანკი“ რაგბის კავშირის გენერალური სპონსორია. ლელოს დადება კი რაგბის თამაშის დროს გამარჯვებას ნიშნავს.
ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ საზოგადოებრივ მოძრაობაში ცნობილ პოლიტიკოსებს ვერ ვიხილავთ. მოძრაობის სპიკერი კი ანა ნაცვლიშვილი იქნება. ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი საპარლამენტო მდივანი იყო, მანამდე კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გახლდათ.