weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მამუკა ხაზარაძეს არ ეშინია მასზე ძლიერი ადამიანების – კახა კოჟორიძე

17:08 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019
კახა კოჟორიძე, ფოტო:რადიო თავისუფლება კახა კოჟორიძე, ფოტო:რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ წევრის, კახა კოჟორიძის თქმით, იგი მოძრაობაში სამართლებრივ და იურიდიულ რეფორმებზე იმუშავებს, მათ შორის სასამართლოს და პროკურატურის რეფორმის შესახებ.

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ მოძრაობაში გაწევრიანების შეთავაზება უშუალოდ მამუკა ხაზარაძისგან მიიღო.ისინი ერთმანეთს დაახლოებით ერთი თვის წინ შეხვდნენ:

„ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია გუნდური მუშაობა და შრომა. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის ეძებს ძლიერ ადამიანებს, არ ეშინია თუნდაც მასზე ძლიერი ადამიანების, ეძებს პროფესიონალებს. ეს იყო ჩემი საქმიანობის განმსაზღვრელი, როცა მე ვიყავი მენეჯერულ თანამდებობაზე  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. პედანტურად ვიცავდი იმ წესებს ვინ მიგვეღო, სტაჟორიდან დაწყებული მაღალი თანამდებობებით დამთავრებული. ვცდილობდი, რომ საუკეთესო კადრებზე გამეკეთებინა აქცენტი, რომ მას გაეძლიერებინა გუნდი. დიდი ცვლილება ვერ მოხდება ერთი და ვერც 10 ძლიერი ადამიანით. ამას უნდა აკეთებდეს ძლიერი ადამიანების გაერთიანება, გუნდი“, – ამბობს კოჟორიძე „რეგინფოსთან“ საუბრისას.

კახა კოჟორიძემ კერძო იურიდიული კომპანია დააფუძნა, მას შემდეგ, რაც 2018 წლის სექტემბერში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა. გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად იგი 2015 წლის იანვრიდან მუშაობდა. მანამდე კი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ პირადი პროფესიული წარმატებები მქონდა და ფინანსური თვალსაზრისით შეიძლება პრეზიდენტზე მეტი შემოსავალი მქონდეს, ჩემთვის არ არის საკმარისი პირადი კომფორტული გარემოთი დავკმაყოფილდე. მირჩევნია, რომ წარმატებულ ქვეყანაში საშუალო რგოლის წარმომადგენელი ვიყო, ვიდრე ჩამორჩენილ და მაჩანჩალა ქვეყანაში მერქვას წარმატებული ადამიანი“, – ამბობს კოჟორიძე.

მამუკა ხაზარაძემ დღეს, 12 სექტემბერს, ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა. ანაკლიაში შეკრებილებს ხაზარაძემ უთხრა, რომ მოძრაობაში ჰორიზონტალური მმართველობა იქნება და ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებზე არ იქნება დამოკიდებული მისი განვითარება.

„ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის გადასარჩენია“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაძარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გენერალურმა პროკურატურამ მასთან და ბადრი ჯაფარიძესთან სამართლებრივი დავა დაიწყო. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს 16 მილიონი ლარის ლეგალიზებას ედავება. სადავო ტრანზაქცია 11 წლის წინ განხორციელდა. თავად ხაძარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას „ანაკლიის პორტის“ მშენებლობას უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ ეს პორტის პროექტის შესაჩერებლად კეთდება. „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია.

საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციისას მამუკა ხაზარაძემ ბევრი სიმბოლური დატვირთვის კომპონენტი გამოიყენა. მოძრაობის წარდგენის ადგილად ანაკლია შეარჩია, სახელწოდებად კი – „ლელო“. „თიბისიბანკი“ რაგბის კავშირის გენერალური სპონსორია. „ლელოს“ დადება კი რაგბის თამაშის დროს გამარჯვებას ნიშნავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]