როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ქართული მხარე შეხვედრაზე ჩორჩანასა და წნელისს შორის საოკუპაციო ძალების უკანონო პოსტის აღებას მოითხოვს.
„ჩორჩანასა და წნელისს შორის განთავსებული პოსტი უკანონოა და დამაზიანებელია ადგილზე უსაფრთხოების გარემოსთვის. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს ქმედებები. მათ უნდა დატოვონ ეს ტერიტორია, სადაც უკანონო აქტივობები მიმდინარეობს, რათა შეიქმნას უსაფრთხო გარემო და მოსახლეობის ორივე მხარეს მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მან ასევე, კომენტარი გააკეთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვარზე გადმოსასვლელი პუნქტების ჩაკეტვაზე და განაცხადა, რომ ჰუმანიტარული საკითხების სხვა ხასიათის საკითხებთან დაკავშირება დაუშვებელია.
„თუ ისინი აცხადებენ, რომ ეს შეზღუდვა დაკავშირებულია ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებთან, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი პოზიციის დესტრუქციულობას. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, ადამიანები ამ გადასასვლელებით ყოველდღიური საჭიროებებისთვის სარგებლობენ და შეუძლებელია, ჰუმანიტარული საკითხები სხვა ქმედებებს დაუკავშირდეს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარე მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის. ირაკლი ანთაძე ასევე აცხადებს, რომ სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 10 სექტემბერს დაადასტურა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ, ხოლო ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. „საგუშაგო“. სუს-ის განცხადებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები.
ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 5 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ჯგუფმა სოფელ წნელისის დასავლეთით, ე.წ. საზღვარზე, სოფელ ჩორჩანაში განთავსებული ქართული პოლიციის საგუშაგოს თავზე სიმაღლე დაიკავა და სასაზღვრო ნიშანთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა აღმართა.
სიტუაცია საოკუპაციო ხაზთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტი არ აიღო. მხარეებს შორის უკვე ორი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ ესკალაციისკენ ნაბიჯები არ გადაიდგმება.