ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობასთან მოწყობილია სცენა და ეკრანი, რომელზეც თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწეს დევიდ კრამერს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კადრები გადის.
ირმა ინაშვილმა შეკრებილებს მიმართა, რომ მისი მთავარი სათქმელი ამ აქციაზე და ყველა სხვა ტრიბუნაზე არის ის, რომ „ბოკერია და სააკაშვილი მწამებლები არიან“, ხოლო ამერიკის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს მათი მხარდაჭერა.
„უნდა დაასრულოთ მწამებელთა პარტიების მხარდაჭერა! 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ, გამუდმებით აძლევთ სტიმულს და ახალისებთ მწამებელთა პარტიებს. ამ პარტიების ლიდერები აწამებდნენ და კლავდნენ ადამიანებს, ეს არაა ევროპული, დასავლური აზროვნება. უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი სამშობლოს მეგობრებს, მაგრამ კრამერები და ბრაიზები [გულისხმობს მეთიუ ბრაიზას] ძალზედ აზიანებენ ჩვენს გულწრფელ გრძნობებს და ჩვენს ურთიერთობას. მათი უკიდეგანო თავხედობა და უპატივცემულობა იწვევს ჩვენს აღშფოთებას. ჩვენ არა ვართ“, - ამბობს ინაშვილი.
ირმა ინაშვილმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 10 სექტემბერს, იგი თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ხმაურით მივიდა და სიტყვა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. კონფერენციაზე ირმა ინაშვილი მიწვეული არ ყოფილა, როგორც თავად თქვა, სურდა პასუხი გაეცა იმ განცხადებებზე, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ კონფერენციაზე გაკეთდა. გიგა ბოკერიამ კონფერენციის პირველ დღეს მის გამოსვლაში „პატრიოტთა ალიანსს“ პრორუსული პარტია უწოდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა ინაშვილს და მედიას შენობის დატოვება მოსთხოვა. საბოლოო ჯამში, ირმა ინაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცეს. იმის გამო, რომ მას საუბარი გაუგრძელდა, დევიდ კრამერმა უთხრა, რომ მეტ დროს ვეღარ მისცემდა. ამის გამო, ირმა ინაშვილმა ამერიკელ დიპლომატს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.