weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამ ბოლო დროს ბევრ საოცარ რამეს ამბობს მამუკა ხაზარაძე - გიორგი გახარია

13:26 ორშაბათი, 16 სექტემბერი 2019

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს პრობლემა აქვს, რადგან მას პასუხისმგებლიანი, სერიოზული ინვესტორი არ ჰყავს. გახარია პოლიტიკურ სპეკულაციებს და ჭორაობას უწოდებს მამუკა ხაზარაძის განცხადებებს, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტორების მოზიდვაში ხელს უშლის.

„ამ ბოლო დროს ბევრ საოცარ რამეს ამბობს მამუკა ხაზარაძე - წერილი, ოქმი. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი. საერთოდ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ანაკლია არ ეკუთვნის არცერთ ფიზიკურ პირს. ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც ქვეყნის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას. შესაბამისად ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“,- განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამუკა ხაზარაძემ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ სტუმრობისას თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ორ საერთაშორისო ინვესტორს, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში უნდა ჩართულიყო, უარი უთხრა. ხაზარაძე ამბობს, რომ ერთი ინვესტორი ამერიკული, ხოლო მეორე ბრიტანული ფონდი „მერიდიანია“. ხაზარაძის ინფორმაციით, „მერიდიანს" უარი ვიცე -პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უთხრა. შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა და ამ უარის ამსახველი ოქმიც არსებობს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ პორტთან მიმართებაში სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს.

„ანაკლიის პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული, კერძო ინვესტორები, რომელიც სამწუხაროდ არ გვყავს. ეს არის პრობლემა. სახელმწიფო უჭერდა მხარს და დაუჭერს. ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, როდესაც არცერთი სერიოზული უცხოელი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი არ დარჩა კონსორციუმში და კიდევ ვიღაცას ინტერესებს აბრალებენ, არასერიოზულია“,- ამბობს გახარია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმს სახელმწიფომ 15 ოქტომბრამდე მისცა ვადა, რომ პორტის ინვესტორები წარადგინოს.  მანამდე, 15 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ კონსორციუმს, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, „კონტი ჯგუფი“ ტოვებს. კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა თქვა, რომ „კონტი ჯგუფის“ გასვლა კონსორციუმს კრიტიკულად ვერ დააზიანებს. „კონტი ჯგუფი“ კონსორციუმში 42%-იანი წილის მფლობელი იყო, თუმცა როგორც ახვლედიანმა თქვა, კონსორციუმში ჩადებული 70 მილიონის ინვესტიციისგან „კონტი ჯგუფის“ წილი მცირეა. ამას გარდა, 2018 წლის დეკემბერში „კონტი ჯგუფის“ პრეზიდენტმა კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  კი აცხადებს, რომ  ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ ერთადერთი იყო, რომელიც ტენდერის პირობებს აკმაყოფილებდა.

„ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს „კონტი ჯგუფის“ გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას. ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე, რაც ნათლად ჩანს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მაგალითზე“, – აცხადებს სამინისტრო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]