weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა

01:07 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა, რაც მოგვიანებით ბეჟანიძის ადვოკატმა „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურა. როგორც ადვოკატმა ირაკლი ჩომახიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, ასლან ბეჟანიძე დაახლოებით 2-3 კვირაა, რაც შეიწყალეს.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი თავის დროზე პირველმა და მეორე ინსტანციამ უდანაშაულოდ ცნო, საქართველოს უზენაეს სასამართლომ კი, ნინო გვენეტაძის მეთაურობით, „ახლობლური" გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის პალატამ ორი ერთის წინააღმდეგ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამ მექრთამეების გამო (იგულისხმება ნინო გვენეტაძე) სალომე ზურაბიშვილს ნუ დამაცვევინებთ (ისედაც ძეგლია)“, – ამბობს ადვოკატი.

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილი და აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში, პეკინის გამზირზე მოკლეს. პროკურატურმ საქმე გახსნილად 2016 წელს გამოაცხადა და სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასლან ბეჟანიძე დააკავა.

პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ასლან ბეჟანიძე, 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ბეჟანიძე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლეს, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით იგი დამნაშავედ სცნო და განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით 6 წლამდე და 9 თვემდე შეუმცირდა.

სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 პატიმარი შეიწყალა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი შეწყალებული - რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, პრეზიდენტის შეწყალების შედეგად კი საპატიმრო 4 წელიწადში დატოვა.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უარი განუცხადა შეწყალების მიზეზის განმარტებაზე. მოგვიანებით მან განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების და მოტივაციის საჯარო განხილვა ვერ მოხდება. სალომე ზურაბიშვილი ასევე გამოვიდა ინიციატივით დაიხვეწოს შეწყალების გამოყენების უფლება, რათა შემცირდეს ის რისკები, რაც ამ პროცესს ახლავს თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]