„მარტო მე და მამუკამ ვიცით, სამწუხაროდ პროკურატურიდან კადრებს არ იძლევიან, რაც მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი. „თიბისის“ კამერის შეჭრილ კადრებზე ვსაუბრობ, ამოღებულია ყველაფერი, რითაც დაიწყო ისტორია, რომელიც დავიწყებულია და არავის არ მინდა, რომ გავახსენო.
არ ვამხელდი [მამუკა ხაზარაძე], სანამ პოლიტიკაში არ გაეკვეხა. ჩემი შვილების ქვეყანაც არის და პოლიტიკაში ასეთი ტიპები არ უნდა იყვნენ, რომლებიც ყველგან გვყიდიან ნებისმიერ თანხად. ხვალვე ისევ ბიძინა გადაუხდის და მე მეძახიან ბიძინას ნაყიდს... თავისი უკანალის დაცვა იყო მაგისი ინტერესი და რაც უბრძანეს, ის გააკეთა. სანამ ბოლომე არ ჩახადეს, ხმა არ ამოიღო“, – განაცხადა რატიანმა გადაცემა „360 გრადუსში“ ჩართვის დროს.
ზვიად რატიანის ბრალდებებს უპასუხა „თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, რატიანის გამოსვლა ყოვლად უსირცხვილო, უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური იყო.
„ზვიად რატიანმა მოიტანოს ის დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი. გახარიას და რატიანს თუ ერთი ნარატივი ექნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პოეტი ზვიად რატიანი 2017 წლის დეკემბერში, თბილისში, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. რატიანი ირწმუნებოდა, რომ ის ქურთუკის ფერის გამო დააკავეს და პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად სცნო და ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დააკისრა. თვეების განმავლობაში ზვიად რატიანი მის დაზარალებულად ცნობას და პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიებას ითხოვდა. საქმეზე ამ დრომდე არცერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) რატიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. EMC წარდგენილ საჩივარში დავობს სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებასა და ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების დარღვევაზე.