weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ველისციხის განვითარების პროექტში ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობენ

11:38 ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელ ველისციხის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის პროექტის მეორე ეტაპი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ის კონკრეტულ სამუშაო პროექტებს გულისხმობს, შესაბამისი ნახაზებით და დაგეგმარებით.

პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ დასრულდა, ველისციხის განვითარების წესები შეიმუშავეს და რეკრეაციული ზონები განსაზღვრეს. შესრულებული სამუშაო გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა და დაამოწმა.

ველისციხის განაშენიანების გეგმის პროექტს საპროექტო კომპანია „ ამხანაგობა 21“-ის არქიტექტორები ასრულებენ, რომლებიც აზომვით ნახაზებზე ახალგაზრდებთან ერთად მუშაობენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტირების სამუშაოებში, არქიტექტორ გია აბულაძის ინიციატივით, სხვა სტუდენტებთან ერთად, ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ამ საკითხზე სასაუბროდ ბატონ გია აბულაძეს მივმართეთ.

„მთელი ბავშვობა, მამასთან ერთად მიწევდა სიარული ამა თუ იმ კუთხეში, სადაც ის მიდიოდა ფილმების გადასაღებად. განსაკუთრებული, მშობლიური დამოკიდებულება მაქვს ყველა იმ ადგილის მიმართ, სადაც მაშინ დავდიოდით და სადაც თავად ვიყავი ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. ერთ-ერთი ასეთი ადგილი იყო მუცო. 40 წლის შემდეგ, ბედმა მისი რეკონსტრუქციის პროექტის მონაწილეობა მარგუნა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ბავშვობაში ჩადებული კოდი, უდიდეს გავლენას ახდენს ცხოვრებაში. ამიტომაც გადავწყვიტე ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართვა პროექტირების პროცესში. დარწმუნებული ვარ, სხვანაირი სიყვარული და დამოკიდებულება ექნებათ საკუთარი სოფლის თითოეული ქუჩისა და ჩიხის მიმართ და ეს პატრიოტული განცდა ყოველთვის გაჰყვებათ. მე მათ ყველა ეტაპზე ჩავრთავ ველისციხის ცენტრის განვითარების პროექტში. უახლოეს მომავალში ველისციხის საჯარო სკოლაში მექნება შეხვედრა, სადაც ახალგაზრდებისგან მივიღებ კონსულტაციებს რა მიმართულებით იქნება უმჯობესი პარკის ფუნქციის განსაზღვრა“, - გვითხრა პროექტის ავტორმა, გია აბულაძემ.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის თქმით, ველისციხის რეაბილიტაცია ახალ სიცოცხლეს შესძენს მთლიანად მუნიციპალიტეტს.

„ველისციხის განვითარების გეგმის შექმნაზე პროფესიონალი არქიტექტორები მუშაობენ. თითოეული სახლის არქიტექტურული ესკიზების დეტალების შექმნასა და რესტავრირებაში უდიდეს ენერგიას დებენ, რაშიც ადგილობრივი ახალგაზრდებიც არიან ჩართული. ველისციხის რეაბილიტაცია მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არაერთი სამუშაო ადგილი შეიქმნას და დასაქმდეს უამრავი ადამიანი. ველისციხეში ღვინის ტურიზმი ყოველდღიურად ვითარდება, რასაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქ გახსნილი ყველაზე მეტი მარნის არსებობაც ადასტურებს. რეაბილიტაციის შემდეგ, ველისციხე გახდება უფრო საინტერესო და მიმზიდველი არა მხოლოდ კახეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის და საერთაშორისო ტურისტებისთვის“, - განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

საკუთარი სოფლის განვითარების პროექტში ჩართვა მოულოდნელი და სასიამოვნო შეთავაზება აღმოჩნდა ველისციხელი ახალგაზრდებისთვის. 17 წლის ანდრია თათულაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც პროექტირების სამუშაოებშია ჩართული.

„ჩვენი სოფლის განვითარების პროექტირებაში ჩართვა ძალიან სასიხარულოა. ჩვენი ხელით ვზომავდით სახლებს, სკვერს, თეატრს, რომელიც უახლოეს მომავალში გაკეთდება. უშუალოდ მთავარი ადამიანებისგან ვიგებდით სად, რა, როგორ გაკეთდება და შემდეგ ამას ჩვენს მეგობრებს ვუყვებოდით. მომავალი პროფესია ჯერ არ ამირჩევია, მაგრამ ვფიქრობ, ეს გამოცდილება, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პროფესიის არჩევაში“, - ამბობს ველისციხელი ანდრია თათულაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ფიქრობს, რომ ახალგაზრდული ხედვა ნებისმიერი პროექტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი, რაც კეთდება, სწორედ მომავალი თაობის ინტერესებსა და სურვილებს უნდა ემსახურებოდეს.

„ახალგაზრდების ჩართულობა ნებისმიერ პროექტში საჭიროა, რადგან ყველაფერი რაც კეთდება, მათ ინტერესებსა და სურვილებს უნდა მოერგოს. ჩვენი გუნდი არაერთ პროექტში თანამშრომლობს ახალგაზრდებთან. როგორც იცით, გურჯაანში არსებობს „ახალგაზრდული საბჭო“, რომელსაც არაერთ საინტერესო ღონისძიება აქვს დაგეგმილი გურჯაანელებისთვის. ნამდვილად მისაბაძია ველისციხის რეაბილიტაციაზე მომუშავე არქიტექტორების ინიციატივა, რასაც მხარს ვუჭერთ მეც და ჩემი გუნდიც“,- ამბობს გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ველისციხის ცენტრის განვითარების პროექტი ითვალისწინებს 55-მდე სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ველისციხის თეატრის, მოედნის და პარკის რეაბილიტაციას.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

 

 

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]