weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

შსს-მ ნარკოტიკების გასაღებასა და ქვეყანაში შემოტანაში ბრალდებულები დააკავა

17:49 სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის ექვსი პირი დააკავეს, რომელთა შორის ორი ნარკორეალიზატორია.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში ორი ადამიანია დაკავებული.

„სამართალდამცველებმა 1971 წელს დაბადებული ტ.გ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის ბინის და ეზოს ჩხრეკის შედეგად, 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

რაც შეეხება ფონიჭალაში დაკავებულ მეორე ნარკორეალიზატორს, შსს-ს ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებული ო.გ.-სგან სამართალდამცველებმა „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს. გარდა ამისა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით 3 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ზემოაღნიშნულის გარდა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ი.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, 3 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი დააკავეს.

პოლიციამ, 1961 წელს დაბადებული ნ.რ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 1500 აბი „სუბუტექსი“ ამოიღო. 1962 წელს დაბადებული ი.ნ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 207 აბი, 1 შეკვრა „ამფეტამინი“, 1 შეკვრა „ჰაშიში“ და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ნ.-მ, თანამზრახველთან - ნ.რ.-სთან წინასწარი შეთანხმებით, საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ზემოაღნიშნული 1500 აბი „სუბუტექსი“, რომელიც შემდეგ ნ.რ.-მ მისი დავალებით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით არის დაკავებული სამხრეთ აფრიკის მოქალაქე. პოლიციამ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ლ.მ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 25 კილოგრამი „ჰეროინი“, 1 კილო და 950 გრამი „კოკაინი“, 11600 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 4000 აბზე მეტი „ექსტაზი“, 9 კილო და 600 გრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 200 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]