„მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებს ამ სიახლის დანერგვის შემდეგ ექნებათ წვდომა და პირდაპირი კავშირი ცენტრალური ხელისუფლების ელექტრონულ სისტემებთან, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდება წერილების გზავნა, დროის ხარჯვა და მოიხსნება ზედმეტი ბარიერები. ამ სისტემის დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სერვისების მიწოდების ხარისხის და მთლიანად, საჯარო მმართველობის სტრუქტურების გამართულად მუშაობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, ერთიანი ელექტრონული მმართველობის სისტემა შექმნილია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის და მისი ეფექტურობა გამოცდილია პრაქტიკაში. მის დანერგვაში, პირველ ეტაპზე 21 მუნიციპალიტეტი ერთვება.
„ელექტრონული სერვისების სისტემის დანერგვის პროექტი დაყოფილია სამ ეტაპად. პროექტის სრული ციკლის განმავლობაში, 63 მუნიციპალიტეტში დაინერგება 17 მოდული ანუ სერვისი. რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლება, რაც გაზრდის მათ პროფესიულ უნარებსა და კომპეტენციას.
პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყნის რეგიონების მოსახელობას და დაინტერესებულ პირებს ექნებათ ისეთივე სახისა და ხარისხის მომსახურების მიღების საშუალება, როგორც დედაქალაქშია.
სისტემა იძლევა ერთი ფანჯრის პრინციპით ერთი მუნიციპალიტეტის მომსახურების სხვა მუნიციპალიტეტში მიღების შესაძლებლობასაც, რაც გაცილებით ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას“,
– აცხადებენ რეგიონული განვითარების სამინისტროში.
ელექტრონული სერვისები დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ადმინისტრაციული საქმისწარმოება; სივრცითი მოწყობა, არქიტექტურა და ზედამხედველობა; ეკოლოგია და გამწვანება; მთის სტატუსი; კეთილმოწყობა და დასუფთავება; ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი; ეკონომიკური განვითარება და ქონების მართვა; კულტურა, განათლება და სპორტი; ჯანდაცვა და სოციალური სერვისები; იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო მომსახურება.
ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ერთიან ელექტრონულ პლატფორმა იძლევა ისეთი მდულების განვითარების საშუალებას, როგორებიცაა: ადამიანური რესურსების მართვა; ელექტრონული კანცელარია; ონლაინ განცხადებები; საკრებულოს საქმისწარმოება; მოქალაქის დახმარება; იდეა მერს; უფასო სასადილოების ბენეფიციართა მართვა; ინფრასტრუქტურული ობიექტების მართვა; პარკირების მართვა; დასუფთავება და ნარჩენების მართვა და სხვა.