weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

12 ოქტომბერს გურჯაანი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

15:45 ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019

12 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ გაიმართება. ფესტივალი წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, ჭაჭისა და ღვინის დეგუსტაციაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში. ახტალის პარკში აქტივობები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება, როგორიცაა ეთნო სივრცე, თათარაობის და მეღვინეობის სივრცე, ბავშვთა გასართობი ზონა, სპორტული ზონა, ახალგაზრდული სივრცე და სხვა.

„ფესტივალში 200-მდე მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იღებს მონაწილეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ წელს ორჯერ მეტი მონაწილე ჰყავს ღვინის ფესტივალს, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, რომელიც 12 ოქტომბერს გაიმართება, გასულ წლებთან შედარებით, სტუმარიც ორჯერ მეტი ეყოლება,“ - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა.

ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაშები.

ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე წარმოდგენილი იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბური პროექტების და მეღვინეობა-მევენახეობის ექსპოზიციები, ფოტო კუთხეები, მოეწყობა ცოცხალი ძეგლების შოუ და კოსტუმირებული პერფორმანსები.

ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ფოლკლორულ ანსამბლებს „ქართული ხმები“, „გურჯაანი“ და „ხარება“, ხოლო ფესტივალის დასასრულს გაიმართება გალა კონცერტი თბილისის ბიგ ბენდის შესრულებით.

„ჩვენი, მეღვინეობის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად ემზადება 12 ოქტომბრისთვის. გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც 3 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება. ფესტივალზე ველოდებით სტუმრებს დამეგობრებული ქალაქებიდან. გვეყოლება დელეგაციები: სლოვაკეთიდან, ბელარუსიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან, ლიტვადან, გერმანიიდან. ფესტივალზე ასევე, მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდება ესპანეთთან და სლოვაკებთან. გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების პოპულარიზაცია წარმოადგენს,“ - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი სს „m² უძრავი ქონება“-ს გენერალური სპონსორობით, „საქართველოს ბანკის“ სპონსორობითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით იმართება. წელს ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]