გამთენიისას 18 წლის ბიჭმა სავარაუდოდ თავი მოიკლა, რის ერთ-ერთ მიზეზადაც ინტერნეტთამაშს ასახელებენ. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მისი მშობლები საზღვარგარეთ მუშაობდნენ და ამიტომ ბიჭი მარტო ცხოვრობდა. ის სკოლის მოსწავლე იყო, თუმცა, როგორც ჟურნალისტთან სკოლის დირექტორი ამბობს, სასწავლებელში იშვიათად დადიოდა.
„როგორ არ დავინტერესდით მიზეზით. დამრიგებელიც გავუშვით, მასწავლებლებიც და არავის ეკონტაქტებოდა, რატომღაც. შარშან, ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ ძალიან გულჩათხრობილი გახდა, მაგრამ... რა ვიცი, მეგობრებთანაც აღარ უნდოდა ურთიერთობა, ამხანაგებთანაც აღარ უნდოდა. დამრიგებელმა მიაკითხა რამდენჯერმე სახლში და კარი არ გაუღო“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.