უკანონო მშნებლობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა „ბათუმელებმა“ გაავრცელა. მათი ცნობით, მშენებარე ობიექტთან განთავსებული იყო დაფა განმარტებით, რომ მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა, ხოლო მშენებლობის დამკვეთი – თამარ როყვაა. თამარ როყვამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა, მაგრამ „წუთი-წუთზე ელოდებოდა“. კითხვაზე, რატომ დაიწყო მშენებლობა უნებართვოდ, უპასუხა, რომ დააშავა და ამისთვის ბათუმის მერიამ 4 000 ლარით დააჯარიმა.
ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსმა, მირიან მეტრეველმა დღეს „აჭარის ტელევიზიასთან“ განაცხადა, რომ მომხდარი ერთი კონკრეტული მოქალაქის თავხედობაა და ქალაქში უკანონო მშენებლობებს ადგილი არ აქვს.
„კომპანიამ დაახლოებით 2 თვის წინ მოგვმართა 5-სართულიანი სახლის აშენებასთან დაკავშირებით, რაზედაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში უარი ეთქვა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, ანუ უნდა წარმოედგინა უფრო დაბალი შენობა. შემდეგ წარმოადგინა ერთი სართულით ნაკლები, მაგრამ მიიღო უარი, რადგან დაწყებული ჰქონდა მშენებლობა. წარმოება დაიწყო მაგ პერიოდიდან, მაგრამ ერთ თვეში ააშენა 8 სართული, უკვე ფაქტის წინაშე ვდგევართ“, – განაცხადა მეტრეველმა.
მისივე თქმით, მერიის პრესტიჟის საქმეა, რომ შენობა დაანგრიოს.
„სხვა გამოსავალი არ არის. რაც კანონით იყო საჭირო, გააკეთა ჩვენმა სამსახურმა, თუმცა როგორც ჩანს მათთვის ეს არ არის შემაფერხებელი ფაქტორი. ჩვენი სამსახური გააკეთებს ყველაფერს, რომ შენობის ბოლომდე დემონტაჟი მოხდეს“, – განაცხადა მირიან მეტრეველმა.
„აჭარის ტელევიზიის“ ცნობით, უკანონო მშენებლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან საკმაოდ ახლოს მიმდინარეობდა.