ობსერვატორიის ბაზაზე 80 წელზე მეტია უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები მიმდინარეობს. განათლების სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის, მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო დაწესებულების შემდგომი განვითარება, გაძლიერება და მისი საერთაშორისო ჩართულობის ხარისხის ამაღლება გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.
„ფინანსური და სხვადასხვა რესურსის გაძლიერებით, ობსერვატორია ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ობსერვატორიის ბაზაზე განხორციელდება კლასტერული ქსელის ფორმირება და შესაბამისად, თანაბარი ხელმისაწვდომობა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
„განხორციელდება დაწესებულების ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, აღჭურვილობის განახლება, კვლევით პროცესებში ჩართული პერსონალის პირობების გაუმჯობესება და სხვა“, – განმარტავენ განათლების სამინისტროში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიოს მასშტაბით და მის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები.