წელს საპატიო თბილისელები ასევე გახდნენ:
- გიოზალ დუმოევი - „თბილსერვის ჯგუფის“ 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს;
- გივი მამულაშვილი - „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და 66 წელია ამ საქმით არის დაკავებული;
- ავთანდილ კობახიძე - თბილისის მეტროს გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77 წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს;
- ვალერიან მეთაფლიშვილი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის მძღოლი. იგი 74 წლისაა და ავტობუსის მძღოლად მუშაობის 49-წლიანი სტაჟი აქვს;
- როგნეტა კუჭავა - ბიბლიოთეკათმცოდნე, რომელიც 79 წლისაა და 49 წელია ამ სფეროში საქმიანობს;
- მეია მეგრელიშვილი - თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი. ის 79 წლისაა, აქვს 60 წლიანი პროფესიული გამოცდილება, არის ოთხი მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.
„თბილისი არის ყველა ადამიანი, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მასზე ზრუნავს და არასდროს ავიწყდება. ეს ქალაქი არის პედაგოგი, ექიმი, მემანქანე, ბაღის პედაგოგი და ა.შ. სწორედ ამიტომ, წელს იმ ადამიანებს დავაჯილდოვებთ, ვინც ჩვენს ქალაქზე ყოველდღიურად, დღე და ღამე ზრუნავს. ეს ადამიანები თბილისისთვის ძალიან ბევრს აკეთებენ, რასაც ყველანი ვხედავთ. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და საპატიო თბილისელის წოდება მივანიჭო მათი ფასდაუდებელი წვლილისთვის ჩვენს ქალაქზე ზრუნვის საქმეში“, - განაცხადა კახა კალაძემ.