weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიპლომის მიხედვით თადუმაძემ 1993 წელს ჩააბარა 1994 წელს დაარსებულ სასწავლებელში – TI

12:54 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) აცხადებს, რომ მათ მიერ შესწავლილი დოკუმენტებით შეუსაბამობა დგინდება მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით.

„დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა“, – აცხადებს TI.

ორგანიზაციის თანახმად, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც: „დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული“.

TI აცხადებს, რომ აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ გენერალური პროკურორის დიპლომი და არსებული შეუსაბამობები განმარტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა.

შალვა თადუმაძის დიპლომის შესახებ კითხვები მისი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენისას წარმოიშვა. თადუმაძის განმარტებით, ის იმ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც ლეგალურად ფუნქციონირებდა და აღნიშნული უნივერსიტეტში მიღებული განათლებით ქვეყანაში მცხოვრები „ორი მილიარდერის“ (ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის) ოჯახს ემსახურებოდა.

TI აცხადებს, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი რამდენიმე ადმინისტრაციული ორგანიზაციიდან გამოითხოვეს. „არც მთავრობის ადმინისტრაციამ, არც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და არც იუსტიციის სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია.

ამ უკანასკნელმა საერთოდ არ გვიპასუხა, რის გამოც უკვე ერთი წელია სასამართლოს გზით ვცდილობთ შალვა თადუმაძის დიპლომის ასლის მიღებას. შალვა თადუმაძის დიპლომი არც საქართველოს პარლამენტში იყო წარდგენილი მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანო მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მის დამტკიცებას განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი „ადვოკატთა ასოციაციაშიც“ აღარ არის დაცული, რადგან მათი განმარტებით, ძველი დოკუმენტები პერიოდულად ექვემდებარება განადგურებას“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თადუმაძის დიპლომის ასლის მოპოვება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შეძლო. 

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შალვა თადუმაძე „თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“ სწავლობდა, რომელიც 1999 წელს დაამთავრა და მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მოგვიანებით მან დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი, სადაც ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება მიენიჭა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ ბიოგრაფიაში უფრო დეტალურად არის მითითებული, რომ დამთავრებული აქვს „ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“, სწავლების პერიოდი კი 1994-1998 წლებს მოიცავს. თადუმაძემ პარლამენტში გამოსვლის დროსაც დაადასტურა , რომ ის სასწავლებელში 1994 წლიდან სწავლობდა.

დიპლომში, რომელიც ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის მიერ არის გაცემული, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ტექსტში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძე 1993 წელს ჩაირიცხა სასწავლებელში. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, აღნიშნული სასწავლებელი 1994 წელს დაფუძნდა, განთავსებული იყო თბილისის 62-ე სკოლის შენობაში და იმავე, 1994 წელს მიიღო ლიცენზია. სწავლების დაწყების თარიღად თადუმაძეს 1994 წელი აქვს მითითებული იუსტიციის საბჭოში წარდგენილ ბიოგრაფიაში და საჯაროდაც იგივეს ადასტურებს. ანალოგიური ინფორმაციაა განთავსებული საპროკურორო საბჭოს გვერდზეც. აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძემ საშუალო სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის 1993 წელს სტუდენტი ყოფილიყო.

შეუსაბამობა უმაღლესი სასწავლებლის დასრულების თარიღთან დაკავშირებით: შალვა თადუმაძის იმავე დიპლომში, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ტექსტში მითითებულია, რომ მან 1998 წელს დაასრულა სასწავლებელი. თუმცა, საპროკურორო საბჭოს და გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე სწავლის დასრულების თარიღად 1999 წელია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძე, ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის პარალელურად, 1994-1998 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე სწავლობდა, სპეციალობა სამთო ინჟინერი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ საპროკურორო საბჭოს გვერდზე არის მითითებული“, – ნათქვამია TI-ის კვლევაში.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ როდესაც შალვა თადუმაძე იკავებს ქვეყანაში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას და პარალელურად მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, კითხვები მის განათლებასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს: „მითუმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება უზენაეს სასამართლოში მისი უვადოდ გამწესება და შემდგომ თავმჯდომარედ არჩევა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

შალვა თადუმაძე საქართველოს მოქმედი გენერალური პროკურორია. 2011-2012 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი და შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც გახდა. 2018 წლის ივლისში შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა და მას პარლამენტმა 101 ხმით მხარი დაუჭირა. დღეისათვის თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად არის წარდგენილი პარლამენტში და ღიად აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]