weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს – ილია II-ის მიმართვა

21:05 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019

ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს ზაზა ვაშაყმაძეს მიმართავს.

მიმართვას, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო:

საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს – უდაბნოს და ჩიჩხუტურს. იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია: საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წ. 5-7 მარტს და 1996 წ. 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საზღვარი უნდა გაივლოს 1936-1938 წლებში. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ (შსსკ) გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით.

ორმხრივად აღიარებული ამ რუკით, „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული (განსხვავებით „ბერთუბნისა“, რომელიც ასევე, გარეჯის განუყოფელი ნაწილია და აზერბაიჯანის მხარედ არის მოქცეული). ამიტომაც იყო, 1991 წლის 21 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის N315 დადგენილებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამოთავისუფლებული პოლიგონის ფართობი (იქ, სადაც მონასტრები მდებარეობს) სხვა მიწასთან ერთად საკუთრებაში გადმოეცა საქართველოს საპატრიარქოს. ეს საკუთრება სამართლებრივად კიდევ უფრო განმტკიცდა 2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, სადაც ვკითხულობთ: ყველა ტაძარი და მონასტერი და მიწა რომელზეც ისინია განლაგებული, აღიარებულია ეკლესიის საკუთრებად (7.1).

ამიტომაც, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და აქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა.

გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით.

ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისთვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონახულებაზე. მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად, და მით უმეტეს, ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა – დაუშვებელი.

ვფიქრობთ, ქართველი ერის მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხი და მათი სახელმწიფოს ხელისუფლება სწორად შეაფასებენ შექმნილ ვითარებას, მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენს ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება.

ვიმედოვნებთ, ბატონო გიორგი თქვენი ჩარევით, საკითხი დადებითად გადაწყდება და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ისტორიული სამართლიანობა აღდგება“, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

ამავე საკითხთან დაკავშირებით ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესაც მიმართავს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით ხვალ, 9 ოქტომბერს აზერბაიჯანს ეწვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]