სასამართლო პროცესი კლინიკა „ნიუ ჰისპოტალში“ გაიმართა, სადაც ჯიშკარიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება.
„სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ილია ჯიშკარიანის მიმართ გამოიყენა გირაო, თუმცა
დამატებითი ვალდებულების სახით, მას აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია სპეციალური ნებართვის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეაფასა და მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა გირაოს გამოყენების შემთხვევაში იმ დამატებით ვალდებულებებთან ერთად, რაც ბრალდების მხარემ მოითხოვა“, – განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბერს ჩაინიშნა.
თამთა თოდაძე ამბობს, რომ ილია ჯიშკარიანმა 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურამ თბილისის საკრებულოს წევრს ბრალი 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ წარუდგინა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ილია ჯიშკარიანს ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.