ამით თამარ ლუკავა გამოეხმაურა დეპუტატ ილია ჯიშკარიანის და მისი ადვოკატის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ 30 ოქტომბერს, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ინციდენტი მოხდა, თამთა თოდაძე „უკიდურესად ნასვამი იყო“.
„რომც ყოფილიყო ნასვამ მდგომარეობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ილია ჯიშკარიანმა დანაშაული ჩაიდინა თამთას უმწეო მდგომარეობის გამოყენებით.
მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ ამას, ჩვენ არ ვაბრალებთ მას იმას, რაც არ ყოფილა იმიტომ, რომ თამთა არ იყო ნასვამ მდგომარეობაში“, – განაცხადა თამარ ლუკავამ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება დაზარალებულის დაზიანებებს, ადვოკატის თქმით, თამთა თოდაძეს ფეხი აქვს დაზიანებული და ჰქონდა სილურჯეები, რაც, ექსპერტიზის დასკვნით, ბლაგვი საგნის დარტყმის შედეგად არის მიყენებული.
„თამთა რომ წაქცეულიყო ნამსხვრევებზე, მას ფეხზე არ ექნებოდა ასეთი დაზიანება და ექნებოდა ჭრილობები“, – აღნიშნა ადვოკატმა.
გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ილია ჯიშკარიანმა და მისმა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადეს, რომ თამთა თოდაძემ დეპუტატის ბიუროში „ტექნიკა თავად დალეწა და თავის დალეწილში აიხლართა“. დაცვის მხარის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ თამთა თოდაძეს წერტილოვანი დაზიანებები წვეტიანი ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
„როგორ შეიძლება წერტილოვანი დაზიანება მიაყენოს მოძალადემ? ექსპერტიზის დასკვნა ნახეთ და ისე მელაპარაკეთ. ამხელა ბრალდებას მიყენებთ. საიდან მიიღო დაზიანება? იქნებ ქუჩაში წაიქცა ისეთი ნასვამი იყო, იქნებ კედელს გაეხახუნა, მე რა ვიცი, მაგრამ იქ აიხლართა თავის დამტვრეულ ნამსხვრევებში, პრინტერი რომ გადმოაგდო“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
თამთა თოდაძე, რომელიც 2017 წლიდან ილია ჯიშკარიანის თანაშემწე იყო, ამბობს, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ჯიშკარიანმა მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო. თოდაძის თქმით, ილია ჯიშკარიანმა ბიუროში არსებული ტექნიკა დააზიანა და ტელეფონი დაუმტვრია. ქალი ამბობს, რომ გაქცევა მოახერხა და სახლში მისულმა პოლიცია 16:44 საათზე გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე ღამის 3 საათზე მივიდნენ, როდესაც ოთახი დალაგებული და ინციდენტის კვალი წაშლილი იყო.
ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა. ბრალის სიმძიმისა და დაზარალებული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, 11 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება.