weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეს უნდა იყოს ბოლო შანსი – ცქიტიშვილი კონსორციუმთან ხელშეკრულების შენარჩუნებაზე

13:46 ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება, ხელშეკრულება არ გაწყვიტოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, კონსორციუმისთვის მიცემული ბოლო შანსია.

„მე ასე შევაფასებდი, რომ დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი, რადგან 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვახდენთ გადავადებას, ეს არის უკვე მეექვსე გადავადება. ფაქტობრივად, უკვე ორი წლით გადავავადეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ ვადების გაჭიანურებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, კონსორციუმმა არ თუ ვერ შეასრულა შუალედური ვადით დადგენილი ვალდებულებები.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, არ ვისარგებლოთ ჩვენი უფლებით, გავწყვიტოთ ხელშეკრულება. გადავწყვიტეთ, მივცეთ დრო წლის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რათა შეასრულოს სრულად ვალდებულებები, რაც აქვს აღებული და ნაკისრი საინვესტიციო ხელშეკრულებით. წლის ბოლომდე მოახერხოს როგორც საკუთარი კაპიტალის, ასევე ბანკებთან 400 მლნ დოლარის მოზიდვის მხრივ ვალდებულებების შესრულება“, – აღნიშნა მინისტრმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, ხელშეკრულების შენარჩუნების გადაწყვეტილება მისასალმებელია.

„სამწუხაროა, რომ ესეთი სიტყვებია ნახმარი - „ბოლო შანსი“. ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ არის კონკრეტული დაბრკოლებები, რომლებიც იყო მთავრობის მხრიდან გამოწვეული. ამიტომ ბოლო შანსებზე ნუ ვილაპარაკებთ, როდესაც არის ლაპარაკი ესეთ მნიშვნელოვან პროექტზე.

უნდა გადავიდეთ პარტნიორულ ურთიერთობებზე და შევეცადოთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყველა ძალისხმევა ვიხმაროთ“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი რჩება შემდეგი ვალდებულებები: 

- შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე;

- საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება;

- ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა;

- პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]