„ეს ადამიანი დაადგა ისევ და ისევ სიყალბეს, სიცრუეს და ჭორაობას. ის, რაც მოვიდა და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს პირველივე დღიდან გვეჭორავება, გვეჭორავება ჩვენ და ეჭორავება საზოგადოებას. რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმისთვის ვადების გაგრძელებას, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ დემონსტრირება გააკეთოს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ პორტის მშენებლობა და ამ პროექტის განხორციელება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები“, – განაცხადა კალაძემ.
„თიბისი ჰოლდინგის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ურჩია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის თავი დაენებებინა. ხაზარაძის განცხადებით, ივანიშვილს მიაჩნდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეკონომიკური პროექტი არ იყო და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ხაზარაძეს პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად სჭირდებოდათ.
„თიბისი ჰოლდინგი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი და ძირითადი პატნიორია. მამუკა ხაზარაძემ და „თიბისი ჰოლდინგის“ კიდევ ერთმა დამფუძნებლმა, ბადრი ჯაფარიძემ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო მას შემდეგ დატოვეს, რაც პროკურატურამ მათ ბრალი წარუდგინა. ხაზარაძე და ჯაფარიძე მათ მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას, ხელისუფლების მიერ ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებენ.