weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ – კუბლაშვილი თამთა თოდაძის საქმეზე

01:05 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019

 

„მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ. მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს“, - აცხადებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თამთა თოდაძის საქმეზე. თოდაძე თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. კუბლაშვილი ჯიშკარიანის ინტერესების დამცველია.

„რა სიბინძურეც წამოიწყო დაზარალებულმა მხარემ, რა მეთოდითაც დაიწყო ომი, საზოგადოებაში, რომ რეპუტაცია განზრახ გაუნადგურეს ჩემს კლიენტს, იმავე მეთოდით ვუპასუხე! არ ელოდნენ, რომ ამ სიბინძურეში შევყვებოდი, რომელი ეთერიდანაც ლანძღეს და ცილი დასწამეს ჩემს კლიენტს, ილია ჯიშკარიანს, ამავე ეთერში მოვიწვიე. რა გავაკეთე მითხარით ცუდი?! ეს ქალბატონი, თავის ადვოკატთან და სხვა უფლებადამცველებთან ერთად, წიხლქვეშ ამოიდეს ჩემი კლიენტის ფოტოები და აქციები მოაწყეს. ხან პირდაპირ ეთერში დასხდნენ და ისაუბრეს. ცრემლმორეული და ღრიალით კარდაკარ დადიოდნენ და ატრიალებდნენ გულის ამაჩუყებელ სცენებს. ქალი ნაცემი არ არის, ხელებზე აქვს ნაჩხაპნები, ვერ გაურკვევია სად მიიღო ეს ნაჩხაპნები. ამ ქალის მანიპულაციის გამო, ამ კაცის წარსული და ღირსება გაანადგურა. ჯიშკარიანისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხია, ვინც მისი სახელი და გვარი შემოხაზა არჩევნებში. უნდა, რომ ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. კაცია და ვერ იჭორავებს. არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ. მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს“, - ციტირებს კუბლაშვილის კომენტარს „პრაიმტაიმი“.

მოგვიანებით Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კუბლაშვილმა დაწერა, რომ დასამარებით არა თამთა თოდაძეს, არამედ იმ ადამიანებს დაემუქრა, რომლებიც მისი მტკიცებით, უსამართლოდ აკრიტიკებენ.

თამთა თოდაძე, რომელიც 2017 წლიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწე იყო, ამბობს, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ჯიშკარიანმა მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო. თოდაძის თქმით, ილია ჯიშკარიანმა ბიუროში არსებული ტექნიკა დააზიანა და ტელეფონი დაუმტვრია. ქალი ამბობს, რომ გაქცევა მოახერხა და სახლში მისულმა პოლიცია 16:44 საათზე გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე ღამის 3 საათზე მივიდნენ, როდესაც ოთახი დალაგებული და ინციდენტის კვალი წაშლილი იყო.

ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა, რასაც ჯიშკარიანი არ აღიარებს. ბრალის სიმძიმისა და დაზარალებული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, 11 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება.

რედაქციის განმარტება: მასალა მომზადებულია „პრაიმტაიმზე“ დაყრდნობით, თუმცა „რეგინფოს“ რედაქციამ მიიჩნია, რომ კუბლაშვილის განცხადების ეს ნაწილი „მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ“ მიმართულია არა პერსონალურად თამთა თოდაძის მიმართ, არამედ ეხება მის საქმეს და ამის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მეტი სიზუსტისთვის „რეგინფომ“ სტატიის სათაური გამოქვეყნების შემდეგ შეცვალა და მიუთითა, რომ მარიამ კუბლაშვილი ამას თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით ამბობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]