შატილის სკოლა–პანსიონში 8 მოსწავლეა, მათგან 5 სოფელ მუცოდანაა და სწავლის გარდა, პანსიონის მეორე სართულზე ცხოვრობდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 ოქტომბერს ხანძარი გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სადილამდე გაჩნდა, როდესაც სკოლაში ბავშვები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ. ცეცხლი სხვენში არსებულ ე.წ. ტოლს წაეკიდა და ხის შენობას მალე მოედო. ბავშვებმა და მოსწავლეებმა შენობის დატოვება მოასწრეს.
შატილის სკოლა–პანსიონი 2005 წელს, გერმანელი დონორების დაფინანსებით აშენდა. მიმდინარე წლის ზაფხულში მას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაზეც მთის განვითარების ფონდიდან დაახლოებით 160 ათასი ლარი დაიხარჯა.
„რეაბილიტაცია 15 სექტემბერს დასრულდა და 16 სექტემბერს ჩვეულებრივ, სასწავლო პროცესი დაიწყო. სკოლა–პანსიონს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დავამონტაჟეთ საქვაბე, რომელიც ბრიკეტებზე და შეშაზე მუშაობდა. თუ აქამდე „ფეჩებით“ თბებოდნენ, ახლა უკვე ცენტრალიზებული გათბობა გვქონდა. სკოლა–პანსიონში ელექტროგაყვანილობაც შეიცვალა“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
კითხვაზე, არსებობდა თუ არა ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების ხარისხის და შენობის უსაფრთხოების შესახებ, გუბერნატორმა თქვა, რომ საბოლოო დასკვნა არ მომზადებულა. მისივე განცხადებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
„სამუშაოები პრაქტიკულად ჯერ ჩაბარებული არ იყო იმიტომ, რომ ზუსტად გუშინ მოხდა გამათბობლის დამონტაჟება, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ეს ელექტროგამათბობელი არ იყო. გარდა ამისა ღობე იყო შესაღები. ამის შემდეგ უნდა მოსულიყო ექსპერტი. როცა კომპანია მუშაობს, ექსპერტი შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებს, უდასტურებს და შემდეგ ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით, კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა ხდება. ექსპერტიზის სამსახურს გათბობის დამონტაჟების სამუშაო ახლა უნდა ჩაებარებინა, მუნციპალიტეტს კი თანხა გადაერიცხა. მანამდე რაც იყო დასრულებული, ტენდერში გამარჯვებული საზედამხედველო კომპანიის მიერ შემოწმებული იყო“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შატილში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა–პანსიონის მშენებლობა კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება.
ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებენ სკოლა–პანსიონის მოსწავლეები განათლების მიღებას. როგორც შალვა კერესელიძემ თქვა, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ბავშვების გადაყვანა ბარისახოს სკოლა–პანსიონში. კერესელიძის თქმით, გადაწყვეტილებას განათლების სამინისტროსთან ერთად მიიღებენ.