weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლებს აქტივისტები აქციით დახვდებიან

14:01 შაბათი, 19 ოქტომბერი 2019
კადრი მოსკოვის თეატრის სპექტაკლიდან კადრი მოსკოვის თეატრის სპექტაკლიდან

დღეს, 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მოსკოვის თეატრის „ნიკიტკის კარიბჭესთან“ სპეტაკლის „არ დამივიწყო“ ჩვენებაა. მოსკოვის თეატრს ქუთაისში მესხიშვილის თეატრი მასპინძლობს, რასაც მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტივისტები აპროტესტებენ. 19:00 საათზე აქტივისტები თეატრის წინ აქციას გამართავენ.

როგორც „რეგინფოს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა დეისაძემ უთხრა, აქციის მიზანია „ქუთაისში პუტინის კარის თეატრმა სპექტაკლი არ გამართოს“.

„ადგილობრივი თვითმმართველობა არაფერ შუაშია. მოსკოვის თეატრი ქუთაისში მესხიშვილის თეატრის მოწვევით იმყოფება, ესენი მასპინძლობენ. მესხიშვილის თეატრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მოვითხოვთ, რომ სპექტაკლი არ ჩატარდეს. რუსეთს ჩვენი ქვეყნის ნაწილი აქვს ოკუპირებული და უმსგავსობაა პუტინის კარის  მსახიობებს ვუმასპინძლოთ“, - აღნიშნა ნიკა დეისაძემ.

მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი ადასტურებს, რომ მოსკოვის თეატრი ქუთაისში მათი მიწვევით იმყოფება იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის თეატრებს შორის არის გაფორმებული. „ჩვენც დავდივართ სხვა ქვეყნებში, ყველგან, გარდა რუსეთისა, თუმცა რუსეთის თეატრი მივიღეთ.

სამოქალაქო აქტივისტებს თავიანთი საქმე აქვთ, მაგრამ ჩვენ არ ვებრძვით კულტურულ სპორტულ, ტურისტულ რუსეთს. მაშინ, ამავე მიზეზით ჩვენი მსახიობები, მომღერლებიც არ უნდა ჩადიოდნენ რუსეთში, რეზო გაბრიაძე, ნინო ქათამაძე და სხვები. ჩვენ გვებრძვის ოკუპანტი რუსეთი. კულტურული რუსეთი არ არის ჩვენი მტერი და სახალხო დიპლომატიით ცდილობენ ურთიერთობების გაღრმავებას, ნორმალიზებას.

თუ პროტესტის ფონზე ან შედეგად სპექტაკლი ჩაიშალა, ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ რეზონანსს ჩვენი ქვეყნისთვის, რუსეთსაც გააღიზიანებს, ჩვენი მეგობრებიც - მინსკის, ერევნის, ბაქოს თეატრები გაღიზიანდებიან, ვისთანაც მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული", - განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.

„რეგინფო“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაც დაუკავშირდა. სამინისტროში განმარტეს, რომ მესხიშვილის თეატრი მართალია მათ დაქვემდებარებაშია, მაგრამ პროგრამის შედგენაში არ მონაწილეობენ.

მესხიშვილის თეატრის ადმინისტრაცია მაყურებელს მოუწოდებს მოსკოვის თეატრის სპექტაკლებს დაესწროს. „სპექტაკლი უკვე 10 წელია „ნიკიტკის კარიბჭის“ სცენაზე იმართება და მაყურებლის დიდ სიყვარულსა და მოწონებას იმსახურებს. ამ წარმოდგენით ბევრი ქვეყანა მოიარა თეატრმა. მათ შორის: ამერიკა, გერმანია, ისრაელი და რუსეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი. მოხარულები ვართ, რომ იმ ორ სპექტაკლს შორის, რომელთაც ქართველ მაყურებელს შევთავაზებთ ქუთაისში „Незабудки“ -ებიცაა. თქვენს ენაზე „არ დამივიწყო“, ან კიდევ, „კესანე“, - ნათქვამია მესხიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოსკოვის თეატრის მიერ, 20 ოქტომბერს, მესხიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლის „ჩვენი ეზოს სიმღერები“ ჩვენებაა დაგეგმილი.

მესხიშვილის თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონი ლარით ფინანსდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]