„80 მეტრი აშორებთ ოკუპანტებს სოფელ ყობამდე, დოლომიტის საბადომდე კი ნახევარ კილომეტრზე ნაკლები. სწორედ ეს საბადოა მათთვის სტრატეგიული ობიექტი. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სავარაუდოდ საბადოს ოკუოპაციასაც მალე მოახდენენ.
500 მეტრია დარჩენილი გენადი ბოსიკოვის სახლამდე. სოფელში მხოლოდ ბოსიკოვები ცხოვრობენ“- აცხადებს ქაცარავა qartli.ge-თან ინტერვიუში.
სოფელი ყობი ხაშურის მუნიციპალიტეტშია და ბოლო სოფელია ე.წ. საზღვართან, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. ყობს ოკუპირებული სოფელი წნელისი ესაზღვრება. ოკუპირებული წნელისიდან ახლოსაა ქარელის რაიონის სოფელი აბანო, სადაც დოლომიტის საბადო მდებარეობს.
დოლომიტი კარბონატების კლასის მინერალია. დოლომიტს იყენებენ მეტალურგიაში, ცეცხლგამძლე აგურისა და ლითინური Mg-ის მისაღებად, სოფლის მეურნეობაში, მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად სხვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სოფელ ყობის მიმართულებით არაფერი ხდება, რაც შეეხება ჩორჩანაში არსებულ ვითარებას, ლილუაშვილის თქმით, ოსური მხარე მათ მიერ აგებულ საგუშაგოებთან მიმავალი გზების შეკეთებას ახორციელებს.
„ქმედებებში ჩვენი ქვეყანა შეზღუდულია, რადგან, კარგად მოგეხსენებათ, რა სამხედრო ძალის კონცენტრაციასთან გვაქვს საქმე გამყოფი ხაზის იქით. ჩვენი სახელმწიფოს იდეა და სურვილი, რომ ნებისმიერი კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, წარმატებით ხორციელდება. წარმატებაში იგულისხმება, რომ უამრავი ჰუმანიტარული პროექტის შეთავაზებით, ხაზს იქით დარჩენილი ჩვენი მოქალქეები წარმატებით სარგებლობენ, ყოველ შემთხვევაში დიდი სურვილი აქვთ, რომ უფრო დიდი მასშტაბებით ისარგებლონ. ამას რა თქმა უნდა, ხელს უშლის საოკუპაციო ზოლი, სადაც თავისუფალი გადაადგილება შეზღუდულია, უკანონო დაკავებებს აქვს ადგილი და ყველანაირად გართულებულია უსაფრთხოების გარემო. შესაბამისად, ფორმატები რიმლითაც ვსარგებლობთ საოკუოპაციო ხაზს იქით და აქეთ, არის IPRM -ის ფორმატები, რომელიც არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მხარდაჭერილი. ასევე, არის ჟენევის ფორმატი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.