weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახა ბექაური კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას გასცდა - კოალიცია

13:30 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2019
კახა ბექაური კახა ბექაური

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებას ავრცელებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ „ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრის“ მიერ მომზადებული ფილმის განხილვასთან დაკავშირებით. კოალიციას მიაჩნია, რომ კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური მედიის შინაარსში შეიჭრა, რაც შეიცავს მნიშნელოვან რისკებს და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენს.

კოალიციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საჯაროდ გავრცელდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძისადმი მიწერილი წერილი. 2019 წლის 08 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს კომისიის თავმჯდომარე, კახა ბეექაური აწერს, შეფასებულია „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის“ მიერ მომზადებული ფილმი „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“. ამ წერილის თანახმად, მასალა შეიცავს ბევრ მცდარ ინფორმაციას.

სატელეკომუნიკაციო ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის მიერ ფილმის შინაარსის ამგვარი ანალიზი, კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის“ შეფასებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონდებლობას და არის მედიის შინაარსში შეჭრა. აღნიშნული წერილი შეიცავს მნიშნელოვან რისკებს და წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

მიგვაჩნია, რომ კომისიის თავმჯდომარე არ უნდა აჭარბებდეს საკუთარ უფლებამოსილებას და უნდა მოქმედებდეს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

ჩვენი განცხადება ორ მნიშვნელოვან სამართლებრივ არგუმენტს ეყრდნობა: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აქვს უფლებამოსილება შეაფასოს მედია პროდუქტის შინაარსი. კომისიის წერილი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. მედიასაშუალების მიერ არაზუსტი ფაქტის გავრცლება შესაძლებელია განხილული იყოს ერთის მხრივ მაუწყებელში არსებული თვითრეგულირების ფარგლებში და მეორეს მხრივ, შესაძლოა გახდეს სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი. დაუშვებელია მედიაპროდუქტის განხილვა, შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს კანონდებლობა არ უკრძალავს კომისიას განმარტება გააკეთოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერებზე, მაგრამ არ გააჩნია უფლებამოსილება შეაფასოს მედიაპროდუქტის შინაარსი და მტკიცებითი ფორმით დაადგინოს ინფორმაციის სიზუსტე, ამის საწინააღმდეგოდ კახა ბექაურის წერილიდან ირკვევა, რომ სწორედ ასე შეფასდა „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის“ მიერ მომზადებული ფილმი.

დოკუმენტი (წერილი) არ არის კომისიის სამართლებრივი აქტი და გაურკვეველია რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზეა მომზადებული: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.“

აღსანიშნავია, რომ ამ წერილს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. საქართველოს კანონმდებლობით „კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს კონკრეტულ შემთხვევებში კომისიისა და კომისიის აპარატის შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.“ ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი არ ეხება კომისიისა და კომისიის აპარატის შიდა ორგანიზაციულ საკითხებს, ეს დოკუმენტი ვერ ჩაითვლება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებად. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება (გამოიცემა) კომისიის სხდომაზე,“ თუმცა ამ საკითხზე კომისიას სხდომაზე არ უმსჯელია. ამიტომ ზემოაღნიშნული წერილი ვერ იქნება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება.

კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება გაწერილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და არ მოიცავს კომისიის სახელით ფაქტის დადგენის უფლებას. შესაბამისად, თუ წერილი არ არის სამართლებრივი აქტი და ეხება ისეთ საკითხს, რომლის შესწავლის უფლებამოსილება კომისიას არ გააჩნია, გაურკვეველია რა ფორმით, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე დაადგინა ადმინისტრაციულმა ორგანომ მცდარი ინფორმაციის არსებობა სიუჟეტში.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომისიის მიერ გავრცელებული წერილის/განცხადების მიღების პროცედურა გაუგებარი და გაუმჭვირვალეა. მიგვაჩნია, რომ კომისიის თავმჯდომარე არ უნდა სცილდებოდეს საკუთარ მანდატს, მიღებული დოკუმენტები კი სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით გაწერილ ნორმატიულ აქტებს და მიღებული უნდა იყოს შესაბამისი პროცედურების დაცვით“, - განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ფილმი „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მოგვითხრობს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და შუამავალი კომპანიების საეჭვო, შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ბრალდებებს უარყოფს და ფილმის ავტორ ორგანიზაციას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]