weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საპატრიარქო ბათუმსა და თბილისში ლევან აკინის ფილმის ჩვენების წინააღმდეგია

17:33 ოთხშაბათი, 06 ნოემბერი 2019

საქართველოს საპატრიარქო ბათუმსა და თბილისში ლევან აკინის ფილმის ჩვენების წინააღმდეგია. საპატრიარქოს განცხადებით, „სოდომური  ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი“ კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, ემიჯნებიან შესაძლო ძალადობრივ ქმედებებს.

„დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც. ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას.

გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და  ტრადიციული ღირებებულებისადმი და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.

შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან დაკავშირების შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება.

ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. შეგახსენებთ ქალბატონ ნინოს ნათქვამს: „მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებშია გამოვლენილი. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი, რადგან ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ - კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა“.

ამ პოზიციის გამო ანსამბლის ხელმძღვანელებზე დაიწყო საერთაშორისო მასშტაბის შეტევა და ზეწოლა, რაც მეტად სამწუხაროა; სამაგიეროდ ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ ფილმს კანის ფესტივალზე VII ადგილი მიანიჭეს, ხოლო მსახიობი ლევან გელბახიანი ამერიკული ჟურნალ „W“ -ს მიერ ამ ფესტივალის 15 კინოვარსკვლავთა შორის დასახელდა.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული  უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური  ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება.

ამასთან დავძენთ, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, რა თქმა უნდა,  ჩვენის მხრივ, ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩვენების ჩაშლის შესახებ მუქარის შემცველი განცხადებები ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერებმა გაავრცელა.

„ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას“, - განაცხადა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, თუ პოლიცია მათ ხელს შეუშლის სეანსის ჩაშლაში, პასუხად პოლიციას შეუშლიან ხელს, რომ ფილმის ჩვენების დაცვა ვერ შეძლონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა.

შსს-ს აცხადებს, რომ უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]