weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია დააკავეს

17:28 პარასკევი, 08 ნოემბერი 2019
ფოტოზე ირაკლი კაკულია ფოტოზე ირაკლი კაკულია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს, რომელთაგან 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია, რომელიც ახლა ფოთისსაკრებულოს თავმჯდომარეა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხსენებულ პირებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა 2 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში - საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას არ ახდენდნენ შესაბამის რეაგირებას სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არსებულ დარღვევებზე და ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს, რითაც ხელს უწყობდნენ კომპანიების ხელმძღვანელებს თაღლითური გზით თანხების დაუფლებაში. ასეთი სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, თავის მხრივ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სამუშაოების შემსრულებელს, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა - ჯამში 170 000 ლარის ოდენობით“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება და უახლოეს პერიოდში სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]