როგორც „რეგინფოს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2014 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამთავრობო ძალების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში გაწევრიანდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან.
2019 წლის 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცეზარ ტოხოსაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოდანაა (პანკისის ხეობა). სირიაში მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის აგვისტოში გავრცელდა. სოფელ ომალოში დედამისის სახლში ორი დღის განმავლობაში სამძიმარსაც კი იღებდნენ. ნათესავებმა მაშინ პანკისის სათემო რადიო WAY–ს უთხრეს, რომ სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ცეზარ ტოხოსაშვილი დაბომბვაში მოჰყვა და ცოლ-შვილთან ერთად დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახმა ცეზარ ტოხოსაშვილისგან WhatsApp–ით შეტყობინება მიიღო, რომ ცოცხლები იყვნენ.