დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივნის დინა გასიევას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება „უშიშროების საბჭოს“ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა.
„საქართველოში გამგზავრების ნება ეძლევათ ლენინგორის რაიონის დასახლებული პუნქტების მცხოვრებთ, რომლებიც შეყვანილნი არიან მთავრობის 119-ე დადგენილებაში, არ აქვთ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქეობა და სჭირდებათ გადაუდებელი ან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, რომლის გაწევაც შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა გასიევამ.
ოსური საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, დღესვე, ცხინვალში პენსიონერების საკითხზეც იმსჯელეს: „ლენინგორის რაიონის მცხოვრებლებს, რომლებსაც სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ, პენსიის მიღების პირობების შესაქმნელად აღრიცხვაზე აიყვანენ სამხრეთ ოსეთის საპენსიო ფონდში“.
2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის გახსნის სანაცვლოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ახლადგახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება მოითხოვა. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაში მოექცა. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი პირის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო. ერთ-ერთი დაშავებულისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, ახალგორში გადასვლა სცადა ქართველმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა. რუსმა სამხედროებმა ის საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. საქართველოს მთავრობის წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებდნენ, თუმცა ექიმი ამ დრომდე ტყვეობაშია.