„ეს ფაქტი გერმანიის, დასავლეთის ქვეყნებისა და რუსეთის ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს, განსაკუთრებით სკრიპალების სკანდალის შემდეგ“, - წერს „როიტერსი“.
რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონში გასულ წელს მოწამლეს.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ის 40 წლის იყო და გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი.
ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. შსს-მ ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია.
ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის ომში.
გერმანელმა სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც მოქმედებდა ვადიმ სოკოლოვის პასპორტით. ვადიმ სოკოლოვი ბერლინში მოსკოვიდან, პარიზის გავლით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა. გერმანული მედიის ცნობით, მას მოსკოვში უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონდა.
ჟურნალისტური გამოძიების შედეგად „შპიგელმა“, რუსეთის „ინსაიდერმა“ და ბრიტანულმა „ბელინგკეტმა“ დაასკვნეს, რომ სოკოლოვის პასპორტის ნომერი რუსეთის სამხედრო დაზვერვას, გრუ-ს უკავშირდება.